მიშელ პფაიფერის ოჯახს ახალი წევრი შეემატა. 67 წლის მსახიობმა ამ სასიხარულო მოვლენის შესახებ ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ განაცხადა.
სამი ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს მფლობელმა აღიარა, რომ ბებიობამ ცხოვრებისეული შეხედულებების გადახედვა აიძულა. Daily Mail-თან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ მთელი დროის სამსახურისთვის დათმობას აღარ აპირებს და ბავშვთან შედარებით, რომელიც მისმა ნაშვილებმა ქალიშვილმა, კლაუდია როუზმა გააჩინა, ახალი როლები, ჯილდოები, გულშემატკივრების სიყვარული, კოლეგებისა და კრიტიკოსების აღიარება უმნიშვნელო გახდა.
„არც დრო მაქვს და არც სურვილი, რომ მთლიანად მუშაობაში ჩავეფლო, რადგან მესმის, რომ ჩემი დრო იწურება. სხვათა შორის, შემიძლია პირველად ვაღიარო, რომ გასულ წელს ბებია გავხდი“, – ამბობს ის.
მიშელმა ბავშვის სახელი და სქესი არ გაამხილა, რითაც მიანიშნა, რომ ეს თემა უცხოებისთვის დახურულია.
ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის, რომლის კარიერა გამორჩეული როლებითა და საყოველთაო აღიარებით იყო სავსე, შვილები ყოველთვის ცხოვრების აზრი და მთავარი მიღწევა იყო. 1990-იანი წლების დასაწყისში, „სახიფათო კავშირების“ და „ბეტმენის დაბრუნების“ წარმატების შემდეგ, მიშელის პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა.
მსახიობ პიტერ ჰორტონთან განქორწინებისა და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ მან ოცნების მამაკაცის პოვნის იმედი დაკარგა, მაგრამ დედად გახდომა ძალიან უნდოდა. 1993 წელს, 34 წლის მსახიობმა ბავშვთა სახლიდან პატარა გოგონა იშვილა, რომელსაც კლაუდია როუზი დაარქვა. ამ ნაბიჯმა ვარსკვლავის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მიშელის ცხოვრებაში კლაუდიას გამოჩენიდან რამდენიმე თვეში მეგობრებმა მიშელი ბრმა პაემანზე მიიწვიეს, სადაც ის ტელევიზიის პროდიუსერსა და სცენარისტ დევიდ ედვარდ კელის შეხვდა. ეს შეხვედრა დიდი სიყვარულის დასაწყისი იყო.
ისინი 1993 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, 1994 წელს კი წყვილს ვაჟი, ჯონ ჰენრი შეეძინა. ამის შემდეგ ცნობილი მსახიობის პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალა. თუ ადრე ის მთლიანად მუშაობაში იყო ჩაფლული, ახლა მისთვის ოჯახი ყველაზე მთავარი გახდა. წლების წინ მსახიობმა პროფესიულ საქმიანობაში შესვენება გამოაცხადა, რომ თავი თავი მთლიანად კლაუდიასა და ჯონის აღზრდისთვის მიეძღვნა.
მიშელ პფაიფერი აღნიშნავს, რომ ბებიის როლში თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს და გაცილებით უკეთესად გამოიყურება. მისთვის პრიორიტეტები შეიცვალა და აპირებს, რომ კინო მიატოვოს და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნას. ეს მთლიანად პენსიაზე გასვლას არ ნიშნავს, მაგრამ მსახიობმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ახალ პროექტებში გაცილებით იშვიათად გამოჩნდება.