2025 წლის 13 ივლისს შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრისა და “სიდრის კლუბის” ბაზაზე წარმატებით შედგა მდგრადი ბიზნესის ფესტივალი.
შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის ამ ერთდღიანი, მრავალპროფილიანი, ინიციატივის მიზანი, მდგრადი ბიზნესის შესახებ ცნობიერების გაზრდა და მდგრადი ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი თემის გაფართოება იყო.
კომპანია, შ.პ.ს. “ესკო-ეს”, თავადაა მაგალითი იმისა, რომ მდგრადი ბიზნესი საქართველოში, არამხოლოდ სოციალურ-საზოგადოებრივი სიკეთის, ასევე ეკონომიკური სარგებლის მომტანიცაა.
მდგრადი ბიზნესის ფესტივალი ერთგვარი გაგრძელებაა, შ.პ.ს. “ესკო-ეს”-ის ადრინდელი ინიციატივის, კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის კონკურსისა: „კლიმატისთვის მედიის მხარდაჭერით“, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა. 2025 წლის კონკურსის თემატური აქცენტი გაკეთდა ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებაზე, ბიოინჟინერიასა და ეკოსისტემების დაცვის მეთოდებზე. გამოვლინდნენ და სხვა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები, რომელთა პუბლიკაციებმა და სიუჟეტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
შ.პ.ს. “ესკო-ეს”-სთან ერთად, კონკურსის თანაორგანიზატორები და სპონსორები არიან კომპანია „დიო“, სააფთიაქო ქსელი “პე-ეს-პე“, სასტუმრო „განთიადი“ ცემში, არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის ალიანსი, დავით ვაშაძის ფიტო- ბალნეოთერაპიის ცენტრი, ორგანიზაცია „ელკანა“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელური დისკუსიები:
– მწვანე დაკრედიტება და ფინანსური ინსტრუმენტები;
– კლიმატ – გონივრული სოფლის მეურნეობა და ბიომრავალფეროვნება;
– განათლების როლი მწვანე უნარების განვითარებაში;
– მედიის გავლენა კლიმატისადმი პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებაში
პანელს მოდერაციას უწევდა გეოგრაფიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ზაალ ხელაძე, რომელმაც დაანონსა მდგრადი ბიზნესის წახალისების ახალი ინიციატივა, ინდუსტრიებისათვის მწვანე რეიტინგის მინიჭების სისტემის დაფუძნება. ზაალ ხელაძის თქმით: „ინიციატივის განვითარებისთვის ჩატარდება ტრენინგები, საინფორმაციო ტურები, პრაქტიკული სესიები: სასტუმროებისთვის, ფერმებისთვის, სამედიცინო კლინიკებისთვისა და სკოლებისთვის — რათა თითოეულმა სექტორმა წვლილი შეიტანოს მდგრადი გარემოს შექმნაში“.
მდგრადი ბიზნესის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: ეკო-ვიქტორინა პრიზებით; დაბალემისიურ ღუმელზე მომზადებული კერძების, შუშხუნა სიდრისა და ჩაის დეგუსტაცია.
ეს იყო მშვენიერი და პროდუქტიული ფესტივალი ბაზალეთის ტბის პირას, რომელმაც მდგრადი განვითარების იდეის გარშემო გააერთიანა ბიზნესი, მედია, სამოქალაქო სექტორი და სამეცნიერო – საგანმანათლებლო სფეროები.