#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

6 hours ago 2

არსებობს დაბადება სხეულით და არსებობს დაბადება სულით – ამ იდეამ საუკუნეები გადმოიარა, რაღაც ეტაპზე, დიდი კრიზისის დროს დაივიწყეს და დღეს ისევ დაიჯერეს.

ბავშვობაში დისნეის ფერადი ზღაპრებით გავიზარდეთ და სულ ვიცოდით, რომ ყველა ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს, რომ დაჩაგრულ გოგონას პრინცი გადაარჩენს. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ეს „პრინცი“ მხოლოდ საკუთარი თავია და სხვა არავინ. ეს ფორმულაა, რომელიც ყველა განტოლებას ერგება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველა რელიგიური თუ ეზოტერიკული გზა ერთ ადგილამდე მიდის, ერთ დიდ და მთავარ სინამდვილემდე და რომელ მოძღვრებასაც არ უნდა მიჰყვებოდე, თუ მართლა ჩასწვდები მას და დოგმების სამსახურში არ დაკარგავ დროს, მიხვდები – ეს გზა სულიერი დაბადებაა.

თქვენი საქმეა, რისი გჯერათ – რეინკარნაციის თუ სამოთხის – ეს ყველაფერი სამყაროა და რაც არ უნდა დაუჯერებლად გეჩვენოთ, ეს სამყარო ჩვენ ვართ ჩვენი სულით, თუ რაც გინდათ უწოდეთ იმ არამატერიალურს, რისი არსებობაც ყველაზე რადიკალ ათეისტსაც კი ერთი წამით მაინც დაუჯერებია. ფაქტი ერთია – გნებავთ ენერგიები უწოდეთ, გნებავთ ცხოვრების რეალიზებული ან არარეალიზებული ხაზები – რეალობას ჩვენ ვქმნით.

დიახ, დღეს ის დღეა, რომელსაც გუშინ „ხვალ“ ერქვა და ასე ვღელავდით მასზე. ესეც ფაქტია – ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ აწმყოში, რომელიც სავსეა ძირითადად ორი რამით – წარსულზე დარდით ან მომავალზე ღელვით. სად დაიკარგა ის „ახლა“, ნადვილი მდგომარეობა? ხომ არ გავფლანგეთ?

ყველა ჩაგრული რომ გაიხარებს, ღმერთი განსაცდელს გამოსაცდელად მოგვივლენს – ეს შემთხვევით ის კრიზისები ხომ არაა, რომლებიც გვაფხიზლებენ და გვახსენებენ – დღეს ვართ, მხოლოდ აქ და ახლა.

ეგებ ეს ავტომატური – ინსტინქტური ქმედებები ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ყოფნაა, როდესაც ჩვენთვის მოცემული ჯილდო – სიცოცხლე იფლანგება?

სახარებას მოუსმინეთ – ქრისტე ამბობს: „თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩაცვივდა და არ მოკვდა – იგი მარტო რჩება; ხოლო თუ მოკვდა, ნაყოფს იძლევა მრავალს“ (იოანე 12:24). ჰოდა, შეხედეთ კრიზისს, რთულ პერიოდს, როგორც ნიშანს, რომ გძინავთ და გაიღვიძეთ. მოკალით თქვენს თავში დუნე არსებობა, თუ დინებას მიჰყვებით, მიმართულება მიეცით თქვენს ცურვას. თუ გნებავთ, ამას ბრძოლა უწოდეთ, ჩემთვის ეს მიზნისკენ მოძრაობაა.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა