#OK! მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე 6,2 ათას ევროდ გაიყიდა

1 day ago 2

რამდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, რატომ სურთ ადამიანებს ცნობილი მსახიობების, მომღერლებისა თუ ისტორიული პირების ნივთების შეძენა. მეცნიერების ვარაუდით, ადამიანებს ქვეცნობიერად სჯერათ, რომ ნივთებს გარკვეული ფორმით, „ვარსკვლავური თვისებები“  გადაეცემა და ახალი მფლობელი ნივთთან ერთად, ამ თვისებებსაც იძენს.

აუქციონის ერთ-ერთი ექსპერტის თქმით კი ადამიანებისთვის ნივთები კი არა, მათთან დაკავშირებული ისტორიებია ფასეული. სწორედ ამით აიხსნება აუქციონებზე კეიტ მიდლტონის გამჭვირვალე კაბის ან მერლინ მონროს „პრეზიდენტის კაბის“ გაყიდვების წარმატება – პირველი კაბით კემბრიჯის მომავალმა ჰერცოგინიამ პრინცი უილიამი მოხიბლა, ხოლო მეორე კაბა მერლინ მონროს იმ დროს ეცვა, როცა პრეზიდენტ კენედის დაბადების დღე ულოცავდა.

მაიკლ ჯექსონის თეთრ წინდასაც თავისი ისტორია აქვს, რომელიც 30 ივლისს ქალაქ ნიმში, 7 688 ევროდ გაიყიდა. ეს წინდა პოპის მეფეს 1997 წლის ივნისში, ნიცაში HIStory World Tourის ფარგლებში გამართული კონცერტის დროს ეცვა.

აუქციონერი ავრორა ილის თქმით, წინდა ჯექსონის კონცერტის შემდეგ ერთ-ერთმა ტექნიკოსმა იპოვა, რომელიც ტურნეს ფარგლებში აპარატურას აწყობდა. მამაკაცი ჩარჩოში ჩასმულ წინდას თითქმის 30 წლის განმავლობაში ინახავდა, შემდეგ კი მისი გაყიდვა გადაწყვიტა.  თავდაპირველად, წინდა 3 000 – 4 000 ევროდ შეფასდა, მაგრამ მაღალი ინტერესის გამო ნივთის საბოლოო ფასმა მოლოდინს ორჯერ გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ახალ მფლობელს ნივთთან ერთად, მისი ავთენტურობის დამადასტურებელი საბუთები გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ წინდის ქსოვილი სიძველისგან გამუქებულია, აუქციონის ამ ლოტს მაინც კულტურ რელიქვიად მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯექსონის საკონცერტო ნივთები გაყიდვების რეკორდებს რეგულარულად ამყარებს. მაგალითად, 2009 წელს მისი ხელთათმანი 350 000 დოლარად გაიყიდა, ხოლო 2023 წელს, ქუდი 80 000 დოლარზე მეტად. 2009 წლის ბოლოს ელვის პრესლის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მაიკლ ჯექსონის პერანგი 52 000 დოლარად შეიძინა. 2011 წელს მაიკლ ჯექსონის ქურთუკი კლიპიდან Thriller 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რაც შეეხება სხვა ცნობილი ადამიანების ნივთებს, 2023 წლის დეკემბერში პრინცესა დიანას Jacques Azagury-ის შავი ხავერდის კაბა აუქციონზე მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.


ნაპოლეონ ბონაპარტის სამკუთხა ქუდი – 2,4 მილიონი დოლარი;
ოდრი ჰეპბერნის კაბა – 3,7 მილიონი დოლარი;
ბეტმობილი – 4,2 მილიონი დოლარი;
მერლინ მონროს „პრეზიდენტის კაბა“ – 4,8 მილიონი დოლარი;
მერილინ მონროს „მფრინავი კაბა“ – 5,6 მილიონი დოლარი;
ელიზაბეთ ტეილორის ყელსაბამი – 11,8 მილიონი დოლარი.

სრულად წაკითხვა