#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის

7 hours ago 2

მისი გადაღებული ფოტოები მძაფრად ესთეტიკური, დეტალებსა და სიმეტრიაზე ორიენტირებულია – ის ეტრფის სილამაზეს. მის ინდივიდუალურ ხელწერას ყველასგან გამოარჩევთ – მის კადრებში ფერები და სინათლე თითქოს ემოციას იძენს. ლუიზა ჩალათაშვილისთვის ფოტოგრაფია ერთგვარი ვიზუალური დღიურია, რომელსაც გულწრფელად გვიზიარებს. შეიძლება ითქვას, ის არის ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის.

გაიხსენეთ, როდის აიღეთ პირველად კამერა ხელში?

ლუიზა ჩალათაშვილი: ფოტოგრაფია ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა. მახსოვს მამაჩემი მუდმივად ყიდულობდა ახალ ტექნიკას და თვითონაც იღებდა. 2006 წელს მამა ქართულ საიტ „ბოკეზე“ დარეგისტრირდა, სადაც თავის ნამუშევრებს აქვეყნებდა. მე თავდაპირველად იმიტომ დავრეგისტრირდი, რომ მისი ნამუშევრები დამეთვალიერებინა და მაინტერესებდა სხვა ფოტოგრაფები რას დაუწერდნენ, როგორ შეაფასებდნენ მის ნამუშევრებს. შემდეგ კი ამ ხალხმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, იმდენად დამაინტერესა ფოტოგრაფიამ, რომ გადაღება დავიწყე. ჩემი პირველი გადაღებული კადრი არ მახსოვს, თუმცა მახსოვს კადრი, რომელიც იყო გარდამტეხი იმ კუთხით, რომ ამის შემდეგ ნათლად გავარჩიე ციფრული ფოტოგრაფია ფირის ფოტოგრაფიისგან. დაახლოებით 6 თვის დაწყებული მქონდა გადაღება, როდესაც პირველად გადავიღე ფირით. მახსოვს, პირველად როცა დავასკანერე, ვიყავი სრულიად გაოგნებული, თუ რამხელა სხვაობა იყო ციფრულსა და ფირის ფოტოებს შორის – იმდენად ღრმა და ნამდვილი იყო ეს კადრი, ჩემი მეგობრის პორტრეტი, რომ მეგონა შევეხებოდი. ციფრული ფოტოგრაფიისთვის მაშინ ასეთი სიღრმე არ იყო დამახასიათებელი. 2006 წლიდან 2015 წლამდე ციფრული კამერა ხელში არ ამიღია. შემდეგ უკვე კომერციულმა ფოტოგრაფიამ განაპირობა ის, რომ კვლავ დავუბრუნდი ციფრულ კამერას, თუმცა დღემდე დიდი დოზით ვიღებ ფირით.

როდის აღმოაჩინეთ, რომ ფოტოგრაფობა იყო ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებდათ?

რა თქმა უნდა, პირველი დღიდან, როცა გადაღება დავიწყე. შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე ასეა, 19 წელი გავიდა და ეს პროცესი არ კარგავს მაგიურობას, პირიქით, ყოველ ჯერზე უფრო ემატება. ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების წესია და არა საქმიანობა, საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ ფოტოგრაფია ცალკეა, როგორც პროფესია და ჩემი ცხოვრება ცალკე. არა, ის ყველგან ჩემთანაა. არ შემიძლია არ გადავიღო ყველაფერი ის, სადაც ვარ. უფრო მეტად გარემოს ვაფაქსირებ, ვიდრე ადამიანებს. ძალიან მომწონს, რომ შემიძლია სხვანაირად გადმოვცე რეალობა, ვგულისხმობ უფრო ესთეტიკურად და ლამაზად, და მე ამ დროს გულწრფელი ვარ, რადგან მე ასე ვხედავ.

პროფესიისგან ხშირად მიგიღიათ დასტური, რომ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ?

დიახ, ყოველ ჯერზე მიმიღია დასტური, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ფოტოგრაფიამ თვითონ მიპოვა… თავისით მოვიდა და არასოდეს მიგრძნია, რომ ვალდებული ვარ ვიმუშაო – გადავიღო, რადგან ეს ჩემი საქმეა. არა. ეს პროცესი არის იმდენად ჩემი, რომ ვერ ვგრძნობ, რომ ვმუშაობ, რადგან გადაღებისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

ფოტო: იკა ხარგელია

შესაძლებელია თუ არა ფოტოგრაფია ისწავლო ისე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია?

მე პირადად არ მისწავლია. გულწრფელად რომ გითხრათ, გარდა იმისა, რომ კურსებიც კი არ გამივლია, არასოდეს არანაირი მასტერკლასისთვისაც არ მომისმენია. შესაძლოა ეს ნაკლია, და უფრო ბეჯითი უნდა ვყოფილიყავი და შემესწავლა თეორიულად, არ ვიცი. რასაც დღეს ვაკეთებ, არის მთლიანად პრაქტიკაზე დაფუძნებული, ჩემს ინტუიციასა და ხედვაზე.

ვფიქრობ, როდესაც გაქვს ძალიან დიდი ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ და არ გეზარება გადაიღო ძალიან ბევრი, ეს უკვე საკმარისია, შეისწავლო ეს საქმე. მთავარია, რაღაც ძალიან გინდოდეს, შემდეგ ხედვაც ვითარდება, ხედვა არის ძალიან ინდივიდუალური და პირადული.

თქვენი ფოტოები გამორჩეულია ფერებით, სტილით… როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას? შთაგონებას რა გაძლევთ?

ჩემი მთავარი მამოძრავებელი და შთამაგონებელი ძალა არის განათება. ზოგადადაც ასეა, ფოტოგრაფიის მამოძრავებელი ძალა არის შუქი და არც მე ვარ გამონაკლისი.

ყოველთვის მაინტერესებდა მოდის სფერო. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მიმიზიდა არიქტექტურამ, პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინმა და ვფიქრობ, ეს ჩანს კიდეც ჩემს გადაღებულ კადრებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა კი, რა თქმა უნდა, განათებას აქვს. არასდროს მიმუშავია ხელოვნური განათებით. ჩემთვის მაგიურია იმაზე დაკვირვება, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ფერსა და ფორმაზე, ფაქტურებზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში არსებულმა ბუნებრივმა განათებამ. ფოტოს დამუშავებისას ფერებში განსაკუთრებულ ჩარევას არ ვახდენ, უბრალოდ, გადაღებისას ვარჩევ, რასთან რა გადავიღო და ასევე, ვარჩევ შუქს. არ მიყვარს კონტრასტული და უხეში ფერები, მიყვარს სირბილე.

აღწერეთ თქვენი ფოტოგრაფიის სტილი, როგორ განავითარეთ ეს სტილი?

იცით, ცოტა მიჭირს აღვწერო ჩემი სტილი. ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემი ფოტოგრაფია გამოირჩევა მძაფრი ესთეტიკურობით, სილამაზის აღქმით და სიყვარულით. სულ რომ არ იყოს გარემო ლამაზი, მაინც ვაჩენ იმ გარემოს უფრო ესთეტიკურად და ლამაზად, ეს კარგია თუ ცუდია, სულ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მე მაქვს მისწრაფება პერფექციონიზმისკენ და ეს ჩანს ჩემს გადაღებულ ფოტოებშიც.

ჩემს ხელწერაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა დიზაინის სიყვარულმა და მზემ, ბუნებრივმა განათებამ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვავითარე ეს სტილი, ყველაფერი მოდის შრომიდან, გამოცდილებიდან, იქიდან გამომდინარე, თუ რა პროექტებს იღებ. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა, 19 წელია ვიღებ, აქედან ათი წელი კომერციულ ფოტოგრაფიაში ვარ და უამრავი პროექტი გადამიღია. ყოველთვის გულით ვიღებ, სხვანაირად არ შემიძლია, ბოლომდე ვიხარჯები გადაღებისას.

ფოტოგრაფია არის გზა…

ფოტოგრაფია არის თვითგამოხატვის გზა – ენა, რომლითაც ვესაუბრები ადამიანებს და შეიძლება ითქვას, საკუთარ თავსაც.

ფოტოგრაფიის გარეშე ჩემი ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია, მის საშუალებით ვხედავ და აღვიქვამ სამყაროს, შემდეგ კი ჩემებურად გადმოვცემ – უფრო სენსიტიურად, ლამაზად და ყოველთვის გულწრფელად.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

სრულად წაკითხვა