მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დღესდღეობით უამრავი ადამიანი დგას. აქამდე თუ ეს საკითხი ტაბუდადებული იყო და გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენდა ამაზე საუბარი, დღეს აქტიურად განიხილება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება სულ უფრო აქტუალურ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში. მენტალური, იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს პიროვნების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას, ანუ უნარს – გავუმკლავდეთ გარემოსთან ასოცირებულ სტრესს. საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარება დღეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ეს წლების წინ იყო შესაძლებელი. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ნინო მენაღარიშვილს, რომელმაც საფრანგეთში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა საქართველოშიც დაეფუძნებინა მენტალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო სტაციონარი, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფდა. მაშ ასე, გაიცანით ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, „სანამენტეს“ დამფუძნებელი, ნინო მენაღარიშვილი, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ცენტრის მიდგომებისა და იმ გარემოს შესახებ, რომელიც აქ მოსულ ადამიანებს ხვდებათ.
უპირველესად, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ.
დავამთავრე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით 1991-1999 წლებში, რის შემდეგაც წავედი საფრანგეთში, სადაც განვაგრძე სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ აქ მომიწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობამ და გეტყვით, რომ ეს იყო სიახლე მთელი მსოფლიოსთვის 2000-იანი წლების დასაწყისში. სამედიცინო ეთიკის დეპარტამენტში ვესწრებოდი სხვადასხვა ლექციას, რათა ამ ადამიანებთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა მიმეღო. ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის ეს გამოცდილება, რადგან გავიცანი საფრანგეთის ფსიქიატრების ფედერაციის პრეზიდენტი, ბერნარ ოდიე და მასთან ურთიერთობამ და მისი ცოდნის გაზიარებამ გადამაწყვეტინა მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით წასვლა. გავიარე რეზიდენტურა და მუშაობა დავიწყე პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სექტორში, სადაც მრავალი წელი ვიმუშავე. შემდეგი იყო ჰუმანიტარული მისიის შეთავაზება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლის ორგანიზატორიც ორგანიზაცია „ფსიქიატრები საზღვრებს გარეშე“ გახლდათ. პროექტის ფარგლებში პირველად ჩამოვედი საქართველოში, მისიის დასრულების შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდი საფრანგეთს. გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან თვალსაჩინო აღმოჩნდა, თუ როგორ განსხვავდებოდა სამედიცინო მიდგომები ამ ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამიტომ საფრანგეთში მიბრუნებიდან 1 წლის შემდეგ, საბოლოოდ დავუბრუნდი ჩემს ქვეყანას და გავხსენი ფილიპ პომელის ფრანგული ფსიქოთერაპიის საკონსულტაციო ცენტრი ვერაზე, დიმიტრი ბაქრაძის 9 ნომერში. ეს საკონსულტაციო ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში, რათა ისინი კვლავ ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, თავი აარიდონ გამწვავებას და პრევენცია განხორციელდეს დროულად იმისთვის, რომ ნაკლებად მოხვდნენ მწვავე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. პომელის თავისებურება და იდეა ის იყო, რომ ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭირო მიმართულებები. ამბულატორიაში მუშაობის 4 წლის გამოცდილებამ კი დაგვანახვა, თუ რამდენად საჭირო იყო შუალედური რგოლი მწვავე ფსიქიატრიასა და ამბულატორიას შორის.
სწორედ ამ შუალედურმა რგოლმა გადაგაწყვეტინათ „სანამენტეს“ გახსნა. გვიამბეთ ამის შესახებ.
დიახ, სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ გაგვეხსნა მენტალური ჯანმრთელობის ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი „სანამენტე“, რომელიც მდებარეობს ნუშის ბაღების 5 ნომერში. განსაკუთრებით მოსახერხებელია აქაური ეკოსისტემა, რადგან არ არის ქალაქიდან შორს, მაგრამ სიმწვანეშია და ურბანიზაციას მოშორებულია, რაც სარეაბილიტაციოდ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ცენტრში განთავსებულია 53 საწოლი და მოიცავს ყველა მენტალური პრობლემის მქონე ადამიანების რეაბილიტაციას. ამასთან ერთად, ჩვენთან არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან გვყავს ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრებიც. აქვე გეტყვით, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები იწყება თინეიჯერობის ასაკიდან, როდესაც გუნება-განწყობისა და ემოციური მდგომარეობის ცვლილებებთან გვაქვს საქმე. ხშირად ეს პრობლემები ვლინდება ქცევის დარღვევით, თვითდაზიანებებით, საკუთარ თავზე აგრესიული გამოვლინებებით, ალკოჰოლ და მარიხუანადამოკიდებულებით. სწორედ ამიტომ „სანამენტე“ მუდამ მზად არის დაეხმაროს მოზარდებს მსგავსი ტიპის პრობლემების დაძლევასა და მათი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
დღისა და ღამის სტაციონარზე მოგვიყევით.
როგორც უკვე აღვნიშნე, „სანამენტეში“ წარმოდგენილია სტაციონარი, სადაც ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია დარჩეს სარეაბილიტაციოდ. გვაქვს სამჯერადი კვება, ვატარებთ ფსიქოთერაპიებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას. ამასთან ერთად, ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ დღის სტაციონარით სარგებლობაც, სადაც ასევე შედის ორჯერადი კვება და მედიკამენტები. „სანამენტეში“ გამოყოფილია მიკროკლინიკა კვებითი აშლილობებისთვის, რაც ასევე ძალიან პრობლემატურია ჩვენს რეალობაში. ეს არის მენტალური დაავადება, რომელსაც სერიოზული მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.
ჩვენთან მკურნალობის პროცესი ძალიან ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობით შემოვიდა პაციენტი და შემდგომ უკვე როგორ ემორჩილება მკურნალობას, თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ 2 კვირას არ გადავაცილოთ.
უფრო ვრცლად გვიამბეთ მიდგომების შესახებ.
ადამიანებს ვთავაზობთ თანამედროვე ფსიქიატრიის მიდგომებს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ჩვენთან პაციენტები მოდიან საკუთარი ნებით, შესაბამისად, არ გადაგვყავს მედიკამენტოზურ-არაააქტიურ მდგომარეობაში, რადგან უპირატესობას ვანიჭებთ თერაპიულ მკურნალობას, რაც მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებს, ამასთან ერთად, ვმუშაობთ ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში ერთვება მედიკამენტებიც.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ვლინდება ძალზე მრავალფეროვანი სიმპტომატოლოგიით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ნევროზული რეგისტრი, შფოთვა, დეპრესია, ფობიები, ობსესიური აზრები, კომპლექსური ქცევა. არანევროზული რეგისტრი შესაძლებელია იყოს ჰალუცინაციები, აღქმის პათოლოგია, გუნება-განწყობის პათოლოგია. კვებითი აშლილობის შემთხვევაში ადამიანი ობსესიურად არის განწყობილი თავისი წონის მიმართ და ამის გამო მზად არის, საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობა გაინადგუროს. ძალიან გახშირდა ტოქსიკური ნივთიერებების შემდეგ გამოხატული ნიშნები, მათ შორის მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შემდეგ. ეს გამოიხატება დეპრესიით, შფოთვით, უძილობით, ჰალუცინაციებით, რა დროსაც ადამიანები ხდებიან ჩაკეტილები, წყვეტენ კონტაქტებს, უტევენ საკუთარ თავს, ადვილად ღიზიანდებიან, უფუჭდებათ კონტაქტის ხარისხი, ირიდებენ და ვეღარ ასრულებენ პასუხისმგებლობებს, თავს გრძნობენ ემოციურად, ეცვლებათ გამომეტყველებაც და ზოგჯერ სუიციდური აზრებიც ეწყებათ. ყველაფერი ეს კი საბოლოოდ ფუნქციონირებაში უშლით ხელს, შესაბამისად, საკუთარი ნებით და სურვილით წყვეტენ „სანამენტეში“ მოსვლას და მკურნალობის დაწყებას, რათა ჯანსაღ რეალობას დაუბრუნდნენ.
როგორია გარემო, რომელიც თქვენთან მოსულ პაციენტებს ხვდებათ?
გარემოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან პირველი შთაბეჭდილება სწორედ აქედან იწყება, რაც განსაზღვრავს ადამიანის შემდგომ დამოკიდებულებას „სანამენტეს“ მიმართ. ეს მოიცავს დახვედრას, მიღებას თუ პირველ კონტაქტს. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეულ აქ მოსულ ადამიანს დახვდეს გარემო, რომელიც არ დაძაბავს და შეუქმნის განწყობას, რომ აქ მასზე ზრუნავენ.
„სანამენტეს“ სტაციონარული კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, გათვალისწინებულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. პაციენტების მკურნალობის მართვის პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით. მკურნალობის და რეაბილიტაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ „სანამენტეს“ გუნდში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ასე გახშირდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები?
უპირველესად, გეტყვით იმას, რომ ადამიანები ახლა უფრო თამამად საუბრობენ ამ პრობლემაზე. ახალი თაობა, რომელიც წამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრცის შემდეგ, აძლევს თავს უფლებას, ხმამაღლა თქვას, რომ თუნდაც შფოთავს, დეპრესია ან პანიკური შეტევა აქვს. მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის სტიგმა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. საბჭოთა კავშირის დროს ამ მდგომარეობაზე საუბარი მიუღებელი იყო, სულიერ ავადმყოფებად ირაცხებოდნენ ამ რეალობის წინაშე მყოფი ადამიანები და მთელი ცხოვრება გამოკეტილები იყვნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ამ პრობლემებზე საზოგადოებაში ცნობილმა ადამიანებმაც დაიწყეს საუბარი, შესაბამისად, სხვებსაც გაუმარტივდათ იმის აღიარება, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე ბევრი მათგანია.
გარდა ამისა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენს საუკუნეში გარდაუვალი იქნებოდა ყველა შემთხვევაში, რადგან იმდენად აჩქარდა ცხოვრების რიტმი და დაკარგა დრომ თავისი ხიბლი, რომ გარდაუვალი იყო ამ რეალობასთან შეჯახება. მუდმივ გადარბენაში ვართ, ინფორმაციაც ძალიან სწრაფი და მოკლე გახდა, რასაც გადამუშავება სჭირდება, ამას კი – ფეხის აწყობა. შესაბამისად, გახშირდა შფოთვები, დეპრესიები თუ პანიკური შეტევები. ტექნიკური განვითარების ასეთ სწრაფ პირობებში წარმოუდგენელი იყო სხვა რეალობა.
გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.
საკმაოდ დიდი ამბიციები გვაქვს იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის მენტალურ პრობლემას დავეხმაროთ. გვსურს გამოვყოთ სრული რეაბილიტაცია დამოკიდებულების ტიპის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ორმაგი დიაგნოზი. ანუ მათი პრობლემა მხოლოდ რაიმეზე დამოკიდებულება კი არ არის, არამედ დამოკიდებულების დამოუკიდებლადაც ჩართულია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.