კენიელი მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში თავს პროფესიონალ ადვოკატად ასაღებდა და მოსამართლეებს მის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდათ.
თვითმარქვია ადვოკატმა ბრაიან მვენდამ ადვოკატად მუშაობის 3 წლის განმავლობაში წარმატებული პროფესიონალის სახელი დაიმსახურა და კენიის სასამართლოებში 26-დან 26 საქმე მოიგო, თუმცა ახლა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მალე კენიის იურიდიულმა საზოგადოებამ აღმოაჩიინა, რომ ბრაიან მვენდას იურისტის დიპლომი და ადვოკატის ლიცენზია არ აქვს და მათ პორტალზე წვდომას კრიმინალური გზით ახერხებდა.
„მან ყალბი ანგარიში შექმნა და სხვის პროფილზე საკუთარი ფოტო ატვირთა, რომ კენიის იურიდიულ სფეროში შეჭრილიყო“ -ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბრაიანმა გააყალბა ადვოკატის პროფილი, რომლის სახელიც მის სახელს ჰგავდა – ბრაიან მვენდა ნტვიგა. როდესაც ამ უკანასკნელმა გააცნობიერა, რომ იურიდიული საზოგადოების სისტემაში შესვლას ვეღარ ახერხებდა, პრობლემის შესახებ IT განყოფილებას აცნობა. სპეციალისტებმა მაშინვე აღმოაჩინეს, რომ ნამდვილ ადვოკატს საკუთარ გვერდზე შესვლა არ შეეძლო, რადგან საკონტაქტო ინფორმაცია მას არ ეკუთვნოდა“ – წერენ კენიელი ჟურნალისტები.
კენიის იურიდიული საზოგადოების ნაირობის ფილიალის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა თვითმარქვია უამრავი საჩივრის შემდეგ, დამატებითი გამოძიების მიზნით დააკავა.

„ჩვენს განყოფილებას სურს საზოგადოებას აცნობოს, რომ ბრაიან მვენდა კენიის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატი არ არის“ – დაწერა კენიის იურიდიული საზოგადოების ნაირობის განყოფილებამ სოციალურ ქსელში.
ბრაიან მვენდა გარკვეული დროის განმავლობაში გამოძიების დაწყებას ელოდებოდა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. კენიელმა პოლიტიკოსმა და ნაირობის ყოფილმა გუბერნატორმა მაიკ სონკომ მვენდას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მის დასაცავად ადვოკატთა გუნდს შექმნიდა.
თვითმარქვია ადვოკატის შემთხვევამ კენიის საზოგადოება მის მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად გაყო. ზოგი მას თაღლითს უწოდებს, რომელმაც სასამართლოს გაცურება შეძლო, ზოგისთვის კი გმირია, რომელმაც სასამართლო სისტემის ნაკლოვანებები გამოამზეურა.

2 days ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·