„კავეა პლუსის“ ახალ სერიალში, „ვინ იცის მერი“, ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური შეყვარებულ წყვილს თამაშობენ. სერიალის გმირებს უყვართ, შორდებიან, ეჭვიანობენ – ისე, როგორც ცხოვრებაში.
სანამ „კავეა პლუსის“ მაყურებელი ახალ სერიალში არკვევს, ვინ იცის მერი და იქნება თუ არა მეორე სეზონი – ჩვენ მთავარ გმირებთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც 30 ივლისს ანდრო ჭიჭინაძის დაბადების დღეს ჩავწერეთ. ბუნებრივია, საუბარიც ამით დავიწყეთ.
ნატალია: – ვულოცავთ ანდროს და მალე გათავისუფლებას ვუსურვებთ. უხერხულობის განცდა გვაქვს მსახიობებს, როცა რაღაც საქმით ვართ დაკავებულები და ამ დროს ჩვენი მეგობრები უსამართლოდ დაპატიმრებულები არიან. ჩემთვის და პაატასთვის ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენი მილოცვა წერილობით დარჩეს. უკვე ვეღარ ვხვდებით, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა.
პაატა: – ვულოცავ ანდროს დაბადების დღეს! მალე უნდა იყოს ჩვენ გვერდით! ვეთანხმები ნატალიას, სულ უხერხულობის განცდა გვაქვს, როცა რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ყველგან ვცდილობთ ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ.
ნატალია: – გაჩერებაც არ შეიძლება, სწორედ ეგაა დამარცხება. ალბათ, წელს რომ გადაგვეღო ეს სერიალი, სულ სხვა თემები შემოვიდოდა და ჩვენც სულ სხვანაირად ვითამაშებდით. ამ მოვლენებმა მსოფლმხედველობა შეგვიცვალა.
პაატა: – თეატრი გაჩერებული იყო სადღაც 5 თვე, გაჩერების მერე პირველი პრემიერა ვითამაშე ათონელის თეატრში, სადაც ერთი დიდი მონოლოგი ჩავამატეთ მიმდინარე მოვლენებზე. ტექსტი ყოველ სპექტაკლზე იცვლებოდა იმიტომ, რომ სულ რაღაც ცუდი ხდებოდა. ყველას დაარტყეს. თვეების განმავლობაში ჩვენი პლატფორმა, საიდანაც უნდა გვესაუბრა, იყო ქუჩა, ახლა ქუჩასთან ერთად, ისევ ჩვენი პროფესიით, ჩვენი საქმით უნდა ვისაუბროთ.
ნატალია: – ეს ამბები რომ დაიწყო, მე ლონდონში ვიყავი. ბევრი მსახიობი ვართ იქ და პიესა გავაკეთეთ – წავიკითხეთ პატიმრების წერილები. ეს იყო დოკუმენეტური სპექტაკლი. იმ დროს ეს რეაქცია უნდა გვქონოდა. რა სიუჟეტიც არ უნდა ჰქონდეს ფილმს თუ სპექტაკლს, განწყობა აისახება ყველაფერზე.
„ვინ იცის მერი“
პაატა: – სერიალის გადაღებები შარშან მაისში მიმდინარეობდა. დეკემბერში უნდა გამოსულიყო, მაგრამ მიმდინარე მოვლენების გამო შეჩერდა.
ნატალია: – ჩემთვის ძალიან რთული იყო გადაღების პროცესი. ახალი დასრულებული მქონდა პროექტი, როცა ამ სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს. მომიწია გეგმების შეცვლამ. მქონდა კოვიდი, ფეხი ვიღრძე და ფიზიკურად სუსტად ვიყავი, მაგრამ მეხუმრებოდნენ, მერის უხდებაო. არ მახსენდება ბოლოდროინდელი ქართული პროექტი, სადაც მთავარი გმირი თავიდანვე ამდენ შეცდომას უშვებს. რთული ქსოვილია, თან კრიზისი აქვს და თან სერიალი კომედიაა.
პაატა: – დატვირთული გადაღებები იყო, მაგრამ სასიამოვნო და საინტერესო. მადლობა მინდა გადავუხადო გადამღები ჯგუფის ყველა წევრს. მეორე სეზონი იქნება თუ არა, ჯერ არ ვიცით. ვიცი, რომ პროდიუსერები ამაზე ფიქრობენ.
ნატალია: – სხვათა შორის, პაატას როლზე ანდრო ჭიჭინაძე განიხილებოდა.
ვის ეშინია თეატრის
ნატალია: – ჩვენ ისეთი მნიშვნელოვანი რამ გვაკავშირებს.
პაატა: – ერთი სისხლი გვაქვს. გიზო ჟორდანია იყო ჩვენი პედაგოგი. ერთ ენაზე ვსაუბრობთ.
ნატალია: – პაატა ჩემ წინა ჯგუფში იყო. სამწუხაროდ, ჩვენი ჯგუფი იყო ბოლო. ისეთ ენერგიაზე იყო გიზო, გვეგონა, სულ იქნებოდა. ახლა, ამ რთულ დროში, გიზოს თავისუფალი სიტყვა ძალიან აკლია საქართველოს.
პაატა: – გიზოს ყველა სტუდენტს ხუმრობებიც კი ერთნაირი გვაქვს, რაღაც უხილავი გვაკვშირებს, ყველას, ვისაც გიზოსთან ურთიერთობის ბედნიერება გვქონდა.
ნატალია: – პაატა, თქვენი თეატრიდან წამოსული ფრაზა „ვის ეშინია თეატრის“, ასოცირდება გიზოსთანაც. ზუსტად ამას გვასწავლიდა, როგორი ძვირფასია დრამატული თეატრი, რამდენად საშიშია – როგორ შეიძლება დაგაყენოს რაღაცის წინაშე და, ამავე დროს, რამხელა დღესასწაული შეიძლება იყოს. პროფესიის მიმართ რა სიყვარულიც მაქვს, გიზოს დამსახურებაა.
კარიერა
ნატალია: – უცნაურად აეწყო ჩემი ამბავი. ლონდონში არანორმალური კონკურენციაა, ჩაკეტილი წრეა თეატრში და ჯერ ცოტა დროა გასული.
ისე გამოვიდა, რომ როგორც კი ლონდონში გადავედი, აქ თეატრიდან მივიღე შეთავაზება, მერე ამ სერიალის გამო მომიწია დარჩენამ. ეს მომწონს. საიდანაც იქნება საინტერესო შემოთავაზება, იქით წავალ.
პაატა: – მიფიქრია უცხოეთში კარიერაზე, მაგრამ არა საცხოვრებლად გადასვლაზე, თუ რამე საინტერესო პროექტი გამოჩნდება მომავალში, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.. გერმანულ და პოლონურ თეატრშიც მიმუშავია და დიდი გამოცდილება მიმიღია.
ოჯახური დინასტია
ნატალია: – ნატო ვაჩნაძეს ვინც ახლოს იცნობდა, ყველამ იცის მისი მზრუნველობის შესახებ. ქვეყანაში არ გვქონდა კინოდაჯილდოება და ფონდის იდეაც აქედან წამოვიდა. ფონდის შინაარსიც ის არის, რომ კინემატოგრაფია გავაძლიეროთ. ბევრი გეგმა იყო, რომელიც ვერ განვახორციელეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო. ახლა, როცა ნებისმიერ ხელოვანს ვალიდაცია და იმის შეხსენება სჭირდება, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია – „ელისოს“ არსებობა, რომელსაც ჰყავს საერთაშორისო ჟიური, ძალიან გვაძლიერებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ფონდს გვერდში დაუდგა.
ზოგადად, ჩემ გარშემო ბევრი დამოუკიდებელი ქალი იყო, არიადნაც და ნატოც ოჯახს არჩენდნენ, თან საკმაოდ რთულ პირობებში.
ამიტომ მოზარდობიდან ვიცოდი, რომ თუ კინოს ავირჩევდი, გზა მეც მარტოს უნდა გამეკვალა. რამდენიმე როლი რომ შევასრულე, უკვე შემდეგ ვიგრძენი ელდარის და არიადნას მხარდაჭერა, შეამჩნიეს, რომ არანაკლებ მიყვარს ეს სფერო.
სერიალი ჯერ არ უნახავთ, ალბათ მეტყვიან, რომ მერის საერთოდ არ ვგავარ.
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ლოკაცია: VangalStudio