#OK! ვარღვევთ თუ არა ბავშვის უფლებებს მათი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსებით?

5 days ago 8

დღესდღეობით, კვლევების თანახმად, მშობლების 70%-ზე მეტი შვილების ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. თუმცა, ხშირად ეს ბავშვის ნებართვის გარეშე ხდება და სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვა – ხომ არ ირღვევა ამით ბავშვის უფლებები?

„როცა მშობელი ბავშვის ფოტოს მისი ნებართვის გარეშე დებს, ის არღვევს არა მხოლოდ შვილის პირად სივრცეს, არამედ შესაძლებლობას ართმევს, თვითონ შექმნას საკუთარი ციფრული იდენტობა.“ – Susan Fiske, ბავშვთა ფსიქოლოგი.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება ტერმინი sharenting (share + parenting) – როცა მშობელი მუდმივად აზიარებს ბავშვის ცხოვრებას, თუმცა ბავშვი არ არის ამის გადაწყვეტილების თანამონაწილე.

Eurobarometer-ის კვლევის მიხედვით, ევროპაში 13-დან 16 წლამდე ბავშვების 41%-მა თქვა, რომ მათი ფოტოები სოციალური ქსელებში  მშობლების მიერ მათ დაუკითხავად აიტვირთა, რის გამოც ისინი უხერხულად გრძნობდნენ თავს. გარდა ამისა, ფოტოებს ხშირად თან ახლავს ლოკაციის მონაცემები, სახელები, დღის წესრიგი, რაც კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ბავშვის პირად სივრცეში შეჭრას ნიშნავს. ის ვერ აკონტროლებს, ვის ხელში მოხვდება, ვინ შეინახავს ან როგორ შეიძლება გამოიყენოს ვინმემ ეს მასალა მომავალში.

ევროპულ ქვეყნებში უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეული რეგულაციები. მაგალითად, საფრანგეთში მშობლებს ოფიციალურად ეკრძალებათ ბავშვის სურათების გამოქვეყნება. საქართველოში მსგავსი რამ ჯერ არ არსებობს, თუმცა მონაცემთა დაცვის ინსპექციის რეკომენდაციით, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, აზიანებს თუ არა გამოქვეყნებული მასალა ბავშვის უსაფრთხოებას ან თვითშეფასებას.

ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბავშვები, რომლებიც მუდმივად საზოგადოების თვალთახედვის არეალში არიან, შეიძლება  დარღვეული პირადი სივრცის შეგრძნებით გაიზარდონ, ერაც ქმნის იდენტობის გაურკვევლობის საფრთხეს, პასუხისმგებლობის გრძნობის დაკარგვას ან, პირიქით, ზედმეტ კონტროლის ქვეშ ყოფნის შედეგად, გაღიზიანებას და პროტესტს.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ, რომელი პლატფორმა ინახავს ფოტოებს, როგორია კონფიდენციალურობის პარამეტრები და ვის აქვს წვდომა ამ კონტენტზე. ბავშვების ცხოვრება არ უნდა გახდეს მშობლის სოციალური კაპიტალის დაგროვების ან ეგოს დაკმაყოფილების გზა.

სრულად წაკითხვა