12 მაისს მსოფლიო ექთანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ პროფესიის წარმომადგენლები ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სწორედ მათი პროფესიონალიზმი, ზრუნვა და შრომა განაპირობებს პაციენტების და, ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. დღეს გაგაცნობთ „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექთანების გუნდს, რომლებიც ყოველდღე ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ JCI აკრედიტაციის მფლობელი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც საზოგადოებას უახლეს სამედიცინო გამოცდილებაზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომებს სთავაზობს. ამასთანავე, კლინიკა დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით.
რა როლს ასრულებენ ექთანები პაციენტთა ჯანმრთელობისთვის?
სოფიო ასპანიძე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საექთანო სამსახური ჰოსპიტლის ხერხემალია. პაციენტის მოვლის კუთხით ექთანს წამყვანი როლი აქვს, ის ჰოსპიტლის ნებისმიერი რგოლის, როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციულის, გამწევი ძალაა. მათი შრომა და ძალისხმევა პირდაპირპროპორციულ კავშირშია პაციენტის კმაყოფილებასთან, მკურნალობის მაღალ ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
ჩვენი ჰოსპიტალი უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის, JCI-ის მფლობელია, რაც გულისხმობს ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების 1/3-ის საექთანო საქმიანობაში დანერგვას, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ჩვენი კლინიკა საექთანო საქმიანობის ხარისხს და მის მუდმივ გაუმჯობესებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექთანები მუდმივად არიან ჩართული უწყვეტი გადამზადების პროგრამებში, ჰოსპიტალში ინერგება უახლესი პროტოკოლები და უმჯობესდება მომსახურების პროცესები.
რა გამოწვევები აქვს საექთანო პროფესიას? და თქვენ რა ინიციატივები გაქვთ შემუშავებული ექთანების მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად?
საექთანო პროფესია საჭირო და ღირებული, მაგრამ ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სფეროა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. არის შემთხვევები, როდესაც ექთანები „ჩრდილში მყოფ გმირებად“ რჩებიან – ძალიან დიდია მათი ძალისხმევა, რომელსაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ყოველდღიურად გაიღებენ. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალური ემპათიით ვიყო განწყობილი მათი შრომის მიმართ, მინდა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ სისტემის მუშაობა მათ გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი ჰოსპიტალი უწყვეტად ზრუნავს ექთანების სწავლებაზე, მათ კმაყოფილებაზე, შემუშავებულია ელექტრონული სწავლების გამარტივებული პლატფორმები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მუდმივად მიიღონ განახლებული ინფორმაცია, აითვისონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამასთანავე, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ მნიშვნელოვანი პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი, რადგან როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ დეფიციტურ სპეციალობად იქცა ექთანობა. მოტივაციის მიზნით ვნერგავთ წახალისების სხვადასხვა სქემას, ვცდილობთ ექთანებს მათი კარიერული შესაძლებლობების ცხადი ხედვა შევუქმნათ.
გვესაუბრეთ ექთანის როლზე ჰოსპიტალში.
ქეთევან კავსაძე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ მთავარი ექთანი: ექთანის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, რაც იწყება ამბულატორიულად პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის განათლებით და გრძელდება სტაციონარში. სტაციონარში პაციენტის მკურნალობისას ძირითად რგოლს წარმოადგენს ექთანი, რადგან პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ექთანი ატარებს და საჭიროების შემთხვევაში პირველ მოქმედებასაც ექთანი ასრულებს.
ექთანის პროფესია არ არის უბრალოდ პროფესია და ვფიქრობ, რომ ყველას არ შეუძლია გახდეს პროფესიონალი ექთანი. თუ ადამიანს შინაგანად არ აქვს ადამიანებზე ზრუნვის უნარი, მაშინ პროფესიონალ ექთანად ვერ ჩამოყალიბდება, რადგან პირველი საწყისი ჩვენს პროფესიაში არის ზრუნვა, თანაგრძნობა და შემდეგ მისი პროფესიული უნარ-ჩვევები.
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ მუდმივად ზრუნავს ექთანების კომპეტენციების გაუმჯობესებასა და წინსვლაზე, რაც სხვადასხვა სახის ტრენინგს მოიცავს.
ჰოსპიტალში მოქმედებს მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი, ექთნები მუდმივად გადიან გადამზადებას დოზირებაში, მანიპულაციებში და ანატომია-ფიზიოლოგიაში. ტრენინგების მიმდინარეობა მაქსიმალურად ერგება ექთნებს, რისთვისაც შეიქმნა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა. ექთნებს შეუძლიათ სწავლება გაიარონ ონლაინ მათთვის სასურველ დროს. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ახორციელებს ჰოსპიტალი. EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, დაინერგა რესპირატორული თერაპისტი ექთნის, ინტენსიური თერაპიის, ER-ის და თერაპიული განყოფილების ექთნების გადამზადების კურსები, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ექთნს. ამავე პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ექთნებისთვის გაცვლითი პროგრამა პადუას უნივერსიტეტში და იტალიის რამოდენიმე კლინიკაში.
ჰოსპიტალი მუდმივად აკეთებს პერსონალის და პაციენტის კმაყოფილების მონიტორინგს, შედეგების გაანალიზების შემდეგ კი უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას.
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ მედპერსონალი გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმითა და გუნდურობით. ერთიანი ძალისხმევით ეფექტიანად აკეთებენ იმ უდიდეს საქმეს, რასაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ჰქვია. მინდა უდიდესი მადლიერება და თანადგომა გამოვხატო გუნდის თითოეული წევრის მიმართ თავდაუზოგავი შრომისთვის.
ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ ზრუნავს ექთანების განვითარებაზე და თავის მხრივ, JCI აკრედიტებულ ჰოსპიტალში მუშაობა ექთანს საერთაშორისო დონის სპეციალისტად აქცევს, რადგან ის კარგად იცნობს პაციენტების უსაფრთხოების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენ სწორედ ამ სტანდარტების დაცვით ვმუშაობთ ყოველდღიურად.
ირმა ბერიანიძე, ექთანი: მამაჩემის სურვილი იყო, ვყოფილიყავი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. თავდაპირველად ექიმობა მსურდა, თუმცა ვერ შევძელი ოჯახური მდგომარეობის გამო (ბავშვები შემეძინა). არცერთი წუთით არ ვნანობ ამას, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ის საქმე, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ.
ექთანი არის წამყვანი ძალა ჰოსპიტალში, მისი როლი შეუფასებელია. სწორედ ექიმის და ექთანის ერთობლივი ეფექტიანი თანამშრომლობით ხდება საუკეთესო გამოსავლის მიღწევა პაციენტისთვის. თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და გამოიჩინო მზრუნველობა. როდესაც პაციენტი იმედის თვალით გიყურებს, როცა უკვე გამოჯანმრთელებული და მადლიერი ტოვებს ჰოსპიტალს, სწორედ ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაციაც და ბედნიერებაც. პაციენტის ნათქვამი მადლობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ გვაძლევს იმის საშუალებას, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. თუკი რაიმე სიახლეა, ყველაფერს ვეცნობით და ვიზრდებით. ბევრი მეგობარი და კოლეგა მყავს უცხოეთში, კონკრეტულად – ისრაელში და ჩვენ კვალიფიკაციით არ ჩამოვუვარდებით მათ.
მარიამ მანქანაშვილი, ექთანი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესია. ჯერ კიდევ ბავშვობაში მაინტერესებდა ამ პროფესიის შიდა სამზარეულო, ამიტომაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი ექთანი. ექთანის სამუშაო დღე ძალიან დატვირთულია და ბევრ სხვადასხვა საქმეს მოიცავს – ცვლის დაწყება, პაციენტების მიღება, პაციენტების მონახულება და მონიტორინგი, დანიშნულების შესრულება, კომუნიკაცია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სხვ. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს პაციენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ვფიქრობ, ექთანის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს ცოდნა და პრაქტიკული უნარების ფლობა, განვითარებაზე ორიენტირება და ასევე, კრიტიკულ სიტუაციებში მოქმედების უნარი. მნიშვნელოვანია, ექთანი იყოს კეთილსინდისიერი, მზრუნველი და, რა თქმა უნდა, ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა.
ნიკა რობაქიძე, ექთანი: ექთანის პროფესია იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც უყვარს ხალხზე ზრუნვა, იცის ჯანმრთელობის ფასი და კარგად გამოსდის კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში გაუჭირდება ამ სფეროში მუშაობა.ექთანის როლი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რადგან ის დიდ დროს ატარებს პაციენტთან, მის ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება. ექთანის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს მისი განათლება, გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი