#OK! გაზრდილი საფრთხის გამო, ვან გოგის მუზეუმს ამსტერდამში დახურვა ემუქრება

1 week ago 8

ამსტერდამში, 1973 წელს გახსნილ ვან გოგის მუზეუმს დახურვა ემუქრება. მუზეუმის ხელმძღვანელობა აუცილებელი მოდერნიზაციისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად, ნიდერლანდების მთავრობას ყოველწლიურად, 2,5 მილიონი ევროს დამატებით გამოყოფას სთხოვს, რაც  მათი თქმით, ფინანსური დახმარება კი არა, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებაა.

მუზეუმი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის დანაკლისი საფრთხეს უქმნის 104 მილიონი ევროს ღირებულების რესტავრაციის გეგმას და  ნახატების უსაფრთხოებას.

„თუ ასე გაგრძელდა, ეს სახიფათო იქნება როგორც ხელოვნებისთვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის. ეს ყველაზე ნაკლებად გვინდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შენობის დახურვა მოგვიწევს.“ – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ემილი გორდენკერმა The New York Times-თან ინტერვიუში.

მუზეუმსა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება მუზეუმის დაარსების პერიოდიდან იწყება. ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმისშვილმა ვ. ვ. ვან გოგმა, 1962 წელს საოჯახო კოლექცია ფონდს იმ პირობით გადასცა, რომ ნიდერლანდების სახელმწიფო შექმნიდა და შეინარჩუნებდა მუზეუმს, სადაც ხელოვნების ნიმუშები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

1973 წელს ვან გოგის მუზეუმი გაიხსნა, რასაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი, უპრეცედენტო საზოგადოებრივი ინტერესი მოჰყვა. გახსნის დღიდან მუზეუმს თითქმის 57 მილიონი ადამიანი ესტუმრა. 2017 წელს სტუმართა რაოდენობამ პიკს – დაახლოებით 2,6 მილიონს მიაღწია, 2024 წელს კი დაახლოებით 1,8 მილიონი სტუმარი ჰყავდა.

წელს, გაზაფხულზე ვან გოგის მუზეუმმა სტედელეიკის მუზეუმთან ერთად ერთობლივი სიმბოლური გამოფენა „სად გაქრნენ ყვავილები?“ გამართა, რომელშიც ვან გოგის შედევრებთან ერთად ანსელმ კიფერის მონუმენტური ტილოები და ინსტალაციები გამოიფინა.

მუზეუმის წარმატებულ მართვას მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები სჭირდება. შენობა, რომელიც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, სტუმართა უზარმაზარ ნაკადებს უმკლავდება, თანდათან მოძველდა – ვენტილაციისა და კლიმატ-კონტროლის სისტემები შესაცვლელია, უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და მდგრადი განვითარების სტანდარტები შეიცვალა, ხოლო საზოგადოებრივ შენობებზე დაწესებული ახალი იურიდიული მოთხოვნების გამო, ძვირადღირებული მოდერნიზაცია აუცილებელი გახდა.

მუზეუმი აცხადებს, რომ პროექტის ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას საკუთარი დანაზოგებით შეძლებს, შემოსავლის დანაკარგის ანაზღაურებას კი მუზეუმის ნაწილობრივი დახურვის ხარჯზე მოახერხებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაოების სრულფასოვანი დაფინანსებისა და შენობის  მოვლისთვის აუცილებელია გარანტირებული სახელმწიფო შენატანი – ყოველწლიურად, დაახლოებით 11 მილიონი ევროს ოდენობით. ამჟამად სამინისტრო მხოლოდ 8,5 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც ყოველწლიურად 2,5 მილიონიანი დანაკლისის წარმოქმნას იწვევს.

ვინსენტ ვან გოგის ფონდმა, რომელსაც კოლექცია ეკუთვნის, მუზეუმის პოზიციას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ 1962 წლის ხელშეკრულება სახელმწიფოს ავალდებულებდა ვან გოგის ნამუშევრებისთვის შესაფერისი სივრცე გამოეყო და შეენარჩუნებინა.

Amsterdam, Netherlands – August 4, 2022: The Van Gogh Museum in Amsterdam, Netherlands at night.
სრულად წაკითხვა