#OK! NINO SEPO – დროის და კულტურის ექსპრესია მოდერნისტულ სამყაროში

4 weeks ago 13

შინაგანი მდგომარეობისა და სხვებისთვის გასაზიარებელი ამბების ვიზუალიზაცია კონკრეტული ფორმებით, პერსონაჟებითა და სილუეტებით სამკაულებში აისახება. ავტორის შთაგონებით შექმნილი ნამუშევარი კი საბოლოოდ დამატებით განსაზღვრებებს იძენს, იმის მიხედვით, თუ რას შემატებს მას ახალი მფლობელი. ეს ერთგვარი ვიზუალური კოდია, რომელიც ავტორის ამბებს სხვა ინტერპრეტაციით ჰყვება. აი, ზუსტად ისე, როგორც ახლა მე გიყვებით სხვის ამბავს, სხვა სიტყვებითა და წერის ჩემებური ფორმით. ნამუშევრების ავტორი კი ამ ამბავს სულ სხვა მხრიდან მოგიყვებოდათ. მოგიყვებათ კიდეც, ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მე გაგაცნობთ ნინო სეფიაშვილის სამკაულებს. NINO SEPO უკვე ძალზე გამორჩეული, საავტორო ხელწერის მქონე ბრენდია. მისი ნებისმიერი ნამუშევარი, იქნება ეს საყურე, ბეჭედი თუ სამაჯური – ყველა მათგანი კომენტარია, შთაბეჭდილებაა, ავტორის განაცხადია, მისი ნაფიქრისა და ნააზრევის გამომხატველია და, რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ამბების მთხრობელია. რთულია მოჰყვე ამბავს სიტყვის გარეშე, მხოლოდ მეტალითა და ფორმებით, თუმცა დიზაინერის უნიკალურობაც სწორედ ამაშია. მისი ნამუშევრები არასდროსაა უსულო, უმეტყველო, მხოლოდ ლამაზი ნივთი. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მათ ისტორიები აქვთ, ამბები და შინაარსი, რომლის ლოგიკური დასასრულიც მხოლოდ თქვენზეა. ამიტომ გირჩევთ , როდესაც სადმე NINO SEPO-ს სამკაულებს შეხვდებით, ამ ხედვით „წაიკითხოთ“ მისი ნამუშევრები.

ნინო, როგორია შენი შემოქმედება, როგორც თხრობის ინსტრუმენტი, და რა შეიძლება გახდეს შენთვის ინსპირაცია?

ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ფორმაა, რომლის მეშვეობითაც ვცდილობ მოვყვე ამბავს. პირადად მე, როგორც ნინო სეფიაშვილი, მსმენელი ვარ ხოლმე, მაგრამ როგორც არტისტი, ვცდილობ მთხრობელი ვიყო. ჩემთვის ეს ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ისტორიები და ალბათ ყველაზე დიდი ინსპირაციაც სწორედ იმ წლებიდან მოდის. ჩემთვის ადამიანები და მათ გარშემო განვითარებული ამბები ძალიან ღირებული და საინტერესოა. ლიტერატურა კი დღემდე ჩემი უსაყვარლესი თავშესაფარი და, ამავდროულად, საუკეთესო სივრცეა თვითგამორკვევისთვის.

დროის რომელ მონაკვეთში ცხოვრობენ შენი სამკაულები? წარსულიდან მოაქვთ ამბები, აწმყოს ასახავენ თუ უფრო მომავლის ხედვებია?

ალბათ სწორედ ეს არის მუშაობის პროცესში ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჩემი საქმე შესაძლებლობას მაძლევს, დროის კომპონენტები ერთ სიბრტყეზე განვიხილო. ამ ობიექტების ამბებს შემიძლია დავუკარგო დროის აღქმა, ყველაზე მისტიკურს, დროს, ამ თხრობის პროცესში შემიძლია მნიშვნელობა სრულად გამოვაცალო. ერთგვარი თამაშის პრინციპით ვითარდება მუშაობის პროცესიც და ესაა ერთადერთი სივრცე, სადაც ნაკლებად ორგანიზებული ვარ. შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც დოზით თვითდინებითაც მიდის მუშაობის პროცესი.

შენი აზრით, სამკაული, პირველ რიგში, სხეულის გაფორმებაა თუ მისი გაგრძელება? როგორ ხედავ შენს ნამუშევრებს სხეულთან კავშირში?

სამკაული სხეულის გაგრძელებაა, სხეულს სამტყველო ენას სძენს, იმის მიუხედავად, რა ამბავსაც არ უნდა ჰყვებოდეს ნამუშევარი და რამდენად დაკონკრეტებული შეიძლება იყოს. ყველა სხეული მას სხვადასხვაგვარად თარგმნის. ეს პროცესი შესაძლოა შევადაროთ კონკრეტული ამბის მოყოლის პროცესს. ყველა ინდივიდი მას სხვადასხვაგვარად ჰყვება.

გაქვს თუ არა ნამუშევარი, რომელიც შენთვის იმდენად პირადულია, რომ ვერ თმობ?

არა, მე მინდა ჩემმა შექმნილმა სამკაულმა იცხოვროს, სხვადასხვანაირად დავინახო ის, ვნახო როგორ აგრძელებს ამბავს, როგორ სხვაფერდება, როგორ ემატება ან საერთოდ ეცვლება მნიშვნელობა.

შენი ნამუშევრები საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს. როგორია შენი ხედვა ქართული დიზაინის მიმართ გლობალურ ასპარეზზე?

ქართველი დიზაინერები ძალიან შემოქმედებითი, გემოვნებიანი და ნოვატორები არიან. მთელი ჩვენი კულტურა და ის ნიუანსები, რაც ხასიათში გვაქვს, გვაძლევს დამატებით შტრიხებს, რომელიც თუ სწორად არის გაცნობიერებული, ძალიან საინტერესოდ ვლინდება. ამ მასშტაბის ქვეყნისთვის ხელოვნების და მოდის ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი გვყავს. გვყავს ძალიან წარმატებული ახალგაზრდა ბრენდები და ასევე, ხელოვანები, რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ამ სფეროში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას ბევრი რამ აქვს სათქმელი. ამის მიუხედავად, დღეს საქართველო განიხილო, როგორც ამ ინდუსტრიის ნაწილი, ჯერჯერობით რთულია. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია. ეკონომიკურად და პოლიტიკურად ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა მოდის დიზაინის მიმართულებით იყოს წარმატებული, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაძლოა არიან წარმატებული დიზაინერები სოლო კარიერით, თუმცა სფეროს წარმატება ბევრ სხვა დეტალზეა დამოკიდებული, საწარმოო ხაზით დაწყებული, ეკონომიკური და სოციალური ფონით დასრულებული.

რას მიიჩნევ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შენს კარიერაში?

ალბათ ჩემს სადიპლომო კოლექციას „კვკასიური ჩარჩო“, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ასეთი სტარტი უკვე დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაც იყო. დღესაც, წლების შემდეგ, უფრო დიდი წარმატებისა და წარუმატებლობის ფონზე, მაინც იმ პირველი გამოცდილების წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ყველა ამბავი ემოციური განცდის დონეზე იმ პირველ წარმატებას უკავშირდება.

რა სიახლეებია შენს საქმიანობაში?

ახლა დავბრუნდი პარიზის მოდის კვირეულიდან, სადაც კვირეულის ოფიციალურ შოურუმზე ახალი კოლექცია „სახლი“გვქონდა გამოფენილი. ეს შოურუმი მხოლოდ აქსესუარებს ეძღვნება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ამ სფეროსთვის. ბრენდების უმრავლესობა, რომელიც წარმატებით პოზიციონირებს მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აქ იყრის თავს. ჩემთვის საინტერესო დაკვირვებაა, თუ როგორ ვვითარდებით და რა გამოწვევების წინაშე ვართ, რა ბმებია და როგორ იკითხება სხვა ბრენდებთან ერთად. ასევე, ახალ კოლექციაზე სამუშაოდ ვემზადებით, რაც საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია.

როგორ ფიქრობ, რა მემკვიდრეობას ქმნი შენი ნამუშევრებით?

ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მემკვიდრეობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ამ ეტაპზე, თუმცა ერთადერთი, რაც ცალსახად ნათელია, ვიცი, რომ ეს არის შემოქმედებითი გზა და ამ გზაზე ვიყავი გულწრფელი, ერთგული და უკომპრომისო საკუთარ თავთან.

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა