#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

5 days ago 10

ყოველწლიურად, მაისის თვის პირველი ორშაბათი მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებულ კოსტიუმირებულ საღამოს – Met Gala-ს ეძღვნება. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და 5 მაისის ღამე ყველაზე გლამურულ და გავლენიან ღონისძიებას მიეძღვნება, რომლისთვისაც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ვარსკვლავები მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ემზადებიან.

2025 წლის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული საღამოს მთავარი თემა  არის „Superfine: Tailoring Black Style“, რომელიც ფერადკანიანი მამაკაცების სტილის ევოლუციას, მნიშვნელობასა და კულტურას წარმოაჩენს. Met Gala-ს წლევანდელი დრესკოდი კი — “Tailored for You” — სტუმრებს აძლევს საშუალებას, სამოსი მოირგონ ისე, რომ გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალიზმი, პერსონალური სტილი, კულტურა და შინაგანი ძალა.

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორთა შორის იქნებიან საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები: რეპერი ეისაპ როკი, მუსიკოსი და დიზაინერი ფარელ უილიამსი, მრბოლელი ლუის ჰამილტონი, მსახიობი კოლმან დომინგო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიების საპატიო თანაორგანიზატორთა შორის  კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსიც იქნება, რომელიც  პირველად დაესწრება Met Gala-ს.

Met Gala-ს უცვლელი ორგანიზატორია ამერიკული ვოგის ლეგენდარული რედაქტორი – ანა ვინტური, რომელიც 1995 წლიდან იქცა მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული საღამოს კურატორად.

შეგახსენებთ, რომ Met Gala მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში იმართება.  ყოველ წელს Met Gala სხვადასხვა თემატიკას გვთავაზობს, რომელსაც გამოფენის კურატორი და საღამოს ორგანიზატორები არჩევენ. სწორედ ამ კონკრეტული თემატიკის ირგვლივ იქმნება ის გლამურული სამოსი, რომლითაც შოუბიზნესის ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ჩნდებიან.

მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და გლამურული საღამოს ისტორია გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო, კერძოდ 1948 წელს, როდესაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა  ელეონორ ლამბერტმა საფუძველი ჩაუყარა მასშტაბურ წვეულებას, რომლის მთავარი  მიზანი  მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ახლად დაარსებული კოსტიუმების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერა იყო. ღონისძიება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას, მეტიც, დღეს  ეს ღონისძიება თანამედროვე მოდისა და პოპ კულტურის განუყრელი ნაწილია.

სრულად წაკითხვა