OK! გაგაცნობთ Love4Kids-ის დამფუძნებელს მარიამ შუბაშიშვილს, რომელმაც ჰობი პროფესიად აქცია და ორგანიზატორული უნარები ისეთ საქმეს დაუკავშირა, რომელიც თავად აბედნიერებდა.
პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შშმ ბავშვებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეაბილიტაციისთვის ატარებენ ცენტრში, მიეცეთ სოციალური, კულტურული და ემოციური გამოცდილება — ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ბავშვს.
მარიამ, უპირველესად გაგვეცანით. ვინ არის მარიამ შუბაშიშვილი და როგორია თქვენი პროფესიული ისტორია პროექტ Love4Kids-მდე?
პროექტამდე ჩემი კარიერული ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. პროფესიით ვარ აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მაქვს საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგისტრის ხარისხი, საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდი ჩემი პროფილით, თუმცა ბოლო წლებში ჰობი ვაქციე პროფესიად და ორგანიზატორული უნარები დავუკავშირე ისეთ საქმეს, რომელიც მეთვითონ მაბედნიერებდა – დღემდე ვმუშაობ წვეულებების ორგანიზატორად. ვქმნი ისეთ გარემოს, სადაც ადამიანები ერთობიან, ზეიმობენ და უზიარებენ ერთმანეთს ბედნიერებას. პროფესიისგან რადიკალური გადახვევის მიზეზიც ეს იყო, მინდოდა სამყაროში ბედნიერების შეტანა საკუთარი ხელით, მინდოდა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი დღეები დაუვიწყარ დღესასწაულად გადამექცია.
როგორ გაჩნდა Love4Kids-ის იდეა? როგორ დაიწყო ყველაფერი?
ჩემთვის რიგით სამუშაო დღეს, დამირეკეს ერთ-ერთი სივრციდან, სადაც ხშირად ვაწყობ წვეულებებს და მთხოვეს დამკვეთთან შეხვედრა. დამკვეთი გახლდათ მშობელი, რომელთანაც ტექნიკურ დეტალებს ვაზუსტებდი, უშუალოდ იუბილარზე რომ დავიწყე საუბარი მთხოვა გამეთვალისწინებინა, რომ მისი შვილი იყო შშმ პირი და გარდა ამისა, ყველა სტუმარი იქნებოდა შშმ ბავშვი. რეალურად ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი.
როგორც გავიგე, გვსტუმრობდნენ ის ბავშვებიც, რომლებიც პირველად იყვნენ მულტიფუნქციურ სივრცეში და პირველად ჰქონდათ სრულყოფილი წვეულება: მუსიკით, ბუშტებით, ფოტოგრაფით… და აქვე უნდა აღინიშნოს, წვეულება იყო სრულიად უფასო ამ ბავშვებისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მულტიფუნქციურ სივრცე „Cloud”-ს
მაშინვე მივხვდი – ამას გაგრძელება აუცილებლად უნდა ჰქონოდა. მხოლოდ ერთი ბავშვი კი არა – ასეულობით ბავშვია, ვისაც არც ერთხელ არ ჰქონია დაბადების დღის დღესასწაული და ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც იმსახურებს ნამდვილ ზეიმს.
და ასე დაიბადა Love4Kids. როგორია მისი მისია დღეს?
Love4Kids არის სიყვარულის ზეიმი. ჩვენი მისიაა, იმ ბავშვებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეაბილიტაციისთვის ატარებენ ცენტრში, მივცეთ სოციალური, კულტურული და ემოციური გამოცდილება — ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ბავშვს: წვეულება, მეგობრები, განათებები, მიკროფონი, კარაოკე, ფოტოები, ტორტი…
ჩვენ არ ვეწევით ქველმოქმედებას – ჩვენ ბავშვებს ვჩუქნით ლაღ, ბედნიერ დღეეებს, ერთი მხრივ, ზღაპრულ და, მეორე მხრივ, თავისუფალ გარემოში. ჩვენი მიზანიც ამ ბავშვების სოციალიზაციაა, რომ გაიზარდონ ნაკლები კომპლექსებით და თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ.
Love4Kids ბავშვებს აძლევს თავისუფალ სივრცეს, სადაც თანაგრძნობის გამოხატვა არ ხდება, აქ არავინ ამბობს „ვწუხვართ“, ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით: „მიხარია, რომ ჩვენთან ხარ!“
როგორი ატმოსფეროა Love4Kids-ის წვეულებებზე?
ეს არის ნამდვილი მაგია. წვეულებამდე კონსულტაციას გავდივართ მათ აღმზრდელებთან, ვითვალისწინეთ ყველა ნიუანსს, ხოლო წვეულების დღეს ბავშვები შემოდიან და მოულოდნელად ხვდებიან ფერად სამყაროში, სადაც მათთვის ყველაფერი მომზადებულია. სივრცე სავსეა სადღესასწაულო დეკორაციებით: წვიმებით, ბუშტებით… ლედ განათებები ანათებს, ხვდებათ მათთან მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალი წამყვანი, რომელიც სპეციალურად მათთვის ქმნის უნიკალურ გასართობ პროგრამას, DJ უკრავს იმ მუსიკას, რაც მათ ძალიან მოსწონთ, სუფრაზეა ყველაფერი გემრიელი, ბარმენი ამზადებს ფრეშ კოქტეილებს, ფოტოგრაფი იღებს კადრებს, სადაც პირველად ჩანს ბავშვი არა როგორც „ბენეფიციარი“, არამედ, – როგორც მთავარი გმირი!
ბევრ მშობელს უთქვამს, რომ – მისი შვილი ჩვეულებრივ ვერ ურთიერთობს სხვებთან, მაგრამ ამ გარემოში ცეკვავს და მღერის თავისუფლად, გვყავდა ბავშვი, რომელზეც გვითხრეს, რომ შეხება არ სიამოვნებდა, თუმცა საკუთარი თვალით ვნახე, დამშვიდობებისას როგორ ეხუტებოდა მასპინძლებს.
ვისთან ერთად ქმნით Love4Kids და ვინ გაიზიარა თქვენი მისია თავიდანვე?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი უდიდესი მოკავშირეა სივრცე “CLOUD” – მულტიფუნქციური გარემო, რომელიც ყოველ ჯერზე გვთავაზობს ყველაფერს: სივრცეს, დეკორაციას, ტექნიკას, ფოტოგრაფს, უსაფრთხოებას, პერსონალს. მათთვის ეს უბრალოდ ღონისძიება არ არის – ეს არის მისიაც და ადამიანურად მადლობელი ვარ ყველა კომპანიის და კერძო პირის, რომელიც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას.
ასევე, გვყავს მოხალისე მასპინძლები, პედაგოგები, ფოტოგრაფები, რომლებიც საკუთარი რესურსით მოდიან და, როგორც თვითონ ამბობენ, „თავიანთი პატარა წვლილი შეაქვთ“, რეალურად უდიდეს საქმეში, რომელსაც სიკეთე ჰქვია!
სივრცესთან ერთად, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ დღის ცენტრებთან, რომლებმაც უკვე მოგვმართეს ასეულობით ბავშვის სურვილებით.
ასეულობით ბავშვი ცოტა ნამდვილად არ არის, Love4Kids-ის მსგავსი ინიციატივა კი ძალიან ცოტაა. რას განიცდით ყველაზე მეტად?
რეალურად თითოეული ღონისძიება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ყველაფერს ვამზადებთ სრულად ხარისხიანად: სივრცე, უსაფრთხოება, პროფესიონალი სტაფი: მასპინძელი, წამყვანი, დიჯეი, ბარმენი, გამნათებელი, სპეციალისტები, ფურშეტი, ფრეშ წვენები, დეკორაციები… და სხვა უამრავი სერვისია საჭირო, რომ წვეულება შედგეს სრულყოფილად. გულწრფელად კი მხოლოდ ერთ რამეს განვიცდი – რომ ბავშვებს ვჭირდებით დღეს, მაგრამ ჩვენი რესურსი შეზღუდულია.
დიახ, ეს მტკივნეულია – როცა იცი, რომ იქ, სადღაც, პატარა ელოდება რაღაც განსაკუთრებულს და შენ ჯერ ვერ პასუხობ.

რას გეგმავს Love4Kids-ის მომავლად?
გვსურს წელიწადში ვუმასპინძლოთ ასობით ბავშვს მთელი საქართველოს მასშტაბით. გეგმაშია პროექტში რეგიონების ჩართვაც – მათ ტრანსპორტირება სჭირდებათ, მაგრამ ამისთვისაც ვემზადებით.
რეგიონებში კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობებია ყოველდღიური ცხოვრების გასახალისებლად. დიდი სურვილი მაქვს, რეგიონში არსებული ცენტრებიდან ჩამოვიყვანოთ ბავშვები, მოვუწყოთ პატარა ექსკურსია დედაქალაქში და დღე დავასრულოთ დაუვიწყარი წვეულებით. თითოეული ჩვენგანისთვისაც ყველაზე ბედნიერი მომენტები ხომ ძირითადად ბავშვბობის მოგონებებს უკავშირდება?!
ასევე, ვაპირებთ მოხალისეთა პროგრამის განვითარებას და დავიწყეთ გრანტებზე მუშაობა, რომლებიც დაგვეხმარება Love4Kids-ის გაფართოებაში.
და ჩემი პირადი ოცნებაა – ერთ დღეს Love4Kids-ის ბავშვები იყვნენ თავად მასპინძლები ახალი თაობისთვის. ისინი, ვინც დღეს იღებენ სიყვარულს, გახდებიან ისინი, ვინც გადასცემს მას სხვას.
როგორ შეუძლია მკითხველს დაეხმაროს Love4Kids-ს?
- რეალურად ეს ძალიან მარტივია:
- თუ ხართ კერძო ბიზნესი – შეგიძლიათ აიღოთ ერთი წვეულების დაფინანსება ან კონკრეტული პროდუქცია გადასცეთ ბავშვებს საჩუქრად.
- თუ ხართ კერძო პირი – შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მცირე დონაციით ან მოხალისეობით.
- თუ ხართ გულღია ადამიანი – უბრალოდ, გააგებინეთ სხვებს, რომ Love4Kids არსებობს.
მთელი გულით ვამბობ – ყველა ბავშვს მეტი სიხარული და ნაკლები სიძნელე უნდა ჰქონდეს. თუ თითოეულმა ადამიანმა მცირედით დახმარება გადაწყვიტა, ჩვენ მთელ ქვეყანას შეგვიძლია ერთად გავუზიაროთ სითბო მათ, ვინც ამას ყველაზე გულწრფელად იღებს