#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

6 days ago 15

დღევანდელი ჩემი რესპონდენტისთვის მოგზაურობა გაცილებით მეტია, ვიდრე  ჩვეულებრივი გადაადგილება, ეს არის გზა ახალი ხალხის გაცნობის და ახალი ადგილების ნახვის. მისთვის ეს დაუვიწყარი ემოციების, აღმოჩენებისა და ახალი შეგრძნებების სამყაროა. ტურიზმის სფეროში კი დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი იყო, რომელმაც გაამართლა და შექმნა ტურისტული კომპანია Come Travel, რომელიც მომხმარებელსა და დეტალებზეა ორიენტირებული. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ Come Travel-ის დამფუძნებელს, სამი შვილის დედას, ნინო მემანიშვილს, რომელმაც ბავშვობის ოცნება საყვარელ საქმედ აქცია.

რა გახდა თქვენი ახალი ტურისტული ბრენდის, Come Travel-ის შექმნის მთავარი მოტივაცია? გვესაუბრეთ რებრენდინგზე.

ნინო მემანიშვილი: ყოველთვის ვოცნებობდი შემექმნა ჩემი საკუთარი კომპანია – ისეთი, რომელიც ჩემს ინტერესებს გააერთიანებდა. გარდა იმისა, რომ ბავშვობიდანვე მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების და სხვადასხვა კულტურის გაცნობა.

თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრებს ვუგეგმავდი მოგზაურობებს, ხშირად მეგობრებსაც დავხმარებივარ. ეს პროცესი ყოველთვის მსიამოვნებდა, დროთა განმავლობაში კი მივხვდი, ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ყოველდღიური საქმე.

2016 წლიდან დავაფუძნე კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა, თუმცა შემდეგ დაიწყო პანდემია, რამაც რეალურად ბევრი რამე შეცვალა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი გადავწყვიტე ყველაფერი ახალი ხედვით და ახალი ძალით დამეწყო. გავაკეთე კომპანიის რებრენდინგი და დავაფუძნე ახალი ტურისტული კომპანია – Come Travel. სახელიც მარტივად დაიბადა „წამოდი სამოგზაუროდ“, მოწვევას ჰგავს, მეგობრულ და თბილ მოწოდებას ახალი თავგადასავლებისაკენ.

Come Travel – ახლა მთლიანად გამოხატავს ჩემს პირად სტილს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებას ამ საქმიანობისადმი.

ჩემი მიზანია არა უბრალოდ მოგზაურობა, არამედ ნამდვილი ემოციური თავგადასავლების შექმნა. მინდა თითოეულმა მომხმარებელმა იგრძნოს, რომ ეს მოგზაურობა კონკრეტულად მისთვის დაიგეგმა.

როგორია Come Travel-ის ტურისტული ხედვა – რა ტიპის მოგზაურობებს სთავაზობთ და რა განგასხვავებთ ბაზარზე?

ჩვენთვის მოგზაურობა მხოლოდ ადგილის შეცვლასთან არ ასოცირდება. გვსურს, მოგზაურობა თითოეული ადამიანისთვის იყოს ახალი ემოციური თავგადასავალი, რომელიც მუდმივად სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

ვცდილობ ჩემ მიერ დაგეგმილი თითოეული ტური იყოს ინდივიდუალურად მორგებული კონკრეტულ მგზავრზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს, პირადად დავდივარ და ვამოწმებ ყველა ლოკაციას, სასტუმროს, ვიდრე მომხმარებელს შევთავაზებ. ეს მეხმარება რეალურად ვიცოდე, რას ვთავაზობ ჩემს მომხმარებელს და როდესაც მათ რეკომენდაციას ვუწევ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საუკეთესო მომსახურებას მიიღებენ ტურის თითოეულ ეტაპზე.

ახლახან დავბრუნდი კატარის დედაქალაქიდან – დოჰადან, საოცარი შთაბეჭდილებებით იმ ქალაქზე, სადაც აღმოსავლური კულტურა და თანამედროვე არქიტექტურა საოცრად ერწყმის ერთმანეთს. სასიამოვნო სიახლეა – დაინიშნა პირდაპირი ჩარტერული რეისები ქალაქ დოჰას მომართულებით, რომელიც 15 ოქტომბრიდან დაიწყება და ამ ქალაქში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

Come travel-ში უკვე დაწყებულია მზადება, რომ რაც შეიძლება მარტივად შემოგთავაზოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურები. ძალიან კარგად მესმის, რომ მოგზაურობა ბევრისთვის არა მხოლოდ დასვენება, არამედ დიდი ოცნებაა. სწორედ ამიტომ ვცდილობ ტურები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ ამიტომაც ვაწყობ სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებულ ტურებს, რათა თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ახალი ადგილების აღმოჩენის შანსი.

დღეს ბევრი ტურისტული კომპანიაა, როგორ აღწერთ თქვენს სტილს? გყავთ თუ არა განსაზღვრული აუდიტორია?

დიახ, ნამდვილად ასეა. მიმაჩნია, რომ ჯანსაღი კონკურენცია არა მხოლოდ ნორმალურია, არამედ ძალიან სასარგებლოც ამ სფეროს განვითარებისთვის, განსაკუთრებით მომხმარებლისთვის, რადგან მათ ეძლევათ უფრო ფართო არჩევანი. Come Travel-ის სავიზიტო ბარათი არის ნდობა. ჩვენი კომპანია მეგობრული, მომხმარებელზე მორგებული და დეტალებზე ორიენტირებულია. რა თქმა უნდა, განსაზღვრულ აუდიტორიასთან ერთად, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ახლის აღმოჩენა და მოგზაურობა სურს.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც ეძებენ ორგანიზებულ, კარგად დაგეგმილ, მაგრამ ბიუჯეტურად ხელმისაწვდომ ტურს. ვემსახურებით როგორც იმ ადამიანებს, ვისაც მარტო სურს მოგზაურობა, ასევე მეგობრებთან ერთად ან ოჯახური ტურის მოწყობა.

როგორც ქალი მეწარმე, როგორი იყო ამ ინდუსტრიაში დამოუკიდებლად ახალი ეტაპის დაწყება?

დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა ტურიზმის სფეროში უდავოდ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება იყო. თუმცა დღეს ვიტყოდი, ეს იყო ყველაზე საჭირო და სწორად გათვლილი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. როგორც სამი შვილის დედისთვის, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ჩემი შვილები და მეუღლე აღმოჩნდნენ ის მყარი საყრდენი, რომელთა სიყვარული და მხარდაჭერა დღემდე მაძლევს ძალას. ტურიზმის სფერო ძალიან სპეციფიკურია – აქ არ არსებობს „სამუშაო საათები“. შეიძლება შუაღამისასაც მომწეროს მომხმარებელმა და ვიცი, რომ ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო კმაყოფილი მოგზაურია. წლებთან ერთად ვვითარდები როგორც მეწარმე. დღეს Come Travel აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სურს სამყაროს აღმოჩენა – ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების აღმოჩენა. ჩემი თითოეული ტური გულით შექმნილია და ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს ის გამოხმაურება, რომელსაც თითოეული ადამიანისგან ვიღებ მოგზაურობის შემდეგ.

9-წლიანი გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერი ნულიდან დავიწყე – იდეით, ენთუზიაზმით. ამ წლების განმავლობაში ვწერდი ჩემს ისტორიას, ხანდახან რთულს, მაგრამ ყოველთვის იმედით სავსეს. მჯერა, რომ თითოეულ ქალ მეწარმეს შეუძლია წამოიწყოს საქმე, შექმნას საკუთარი სამყარო და თავისი საყვარელი საქმიანობა ყოველდღიურობის ნაწილი გახადოს. ეს მხოლოდ დასაწყისია – მოდი, ვიმოგზაუროთ ერთად.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა