Euractiv: ევროკავშირის ქვეყნები 21-ე პაკეტში შეამსუბუქებენ რუსეთის გარკვეულ სანქციებს

2 hours ago 3

ევროკავშირმა შეამსუბუქა რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ნაწილია მზადების პროცესში მყოფი, სანქციების 21-ე პაკეტისა რუსეთის წინააღმდეგ - მას მერე, რაც ბლოკის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ წინააღმდეგობა გამოხატა. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Euractiv-ი, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი გამოვიდნენ წინააღმდეგ მანამდე განხილული წინადადებისა, რომ ავტომატურად აკრძალულიყო ვიზების გაცემა უკრაინის ომში მონაწილე რუსეთის ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის.

საბოლოო ვარიანტში გამოთქმულია წინადადება მოკლევადიანი ვიზების გაცემა აიკრძალოს მხოლოდ იმ სამხედროებზე, რომლებსაც უშუალოდ საომარ მოქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, ან წვლილი აქვთ შეტანილი საბრძოლო ოპერაციებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყანა ამავდროულად ითხოვდა აკრძალვის კრიტერიუმების დაზუსტებას, რადგან მიიჩნევდა, რომ პირველადი ფორმულირების განხორციელება ტექნიკურად იქნებოდა რთული. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ასევე ეროვნული სავიზო ორგანოებისთვის მოქმედების მეტი თავისუფლების შენარჩუნება.

Euractiv-ი წერს, რომ პაკეტში ასევე შევა აკრძალვა რუსეთისთვის ტანკერების მიყიდვაზე, გათხიერებული გაზის გადაზიდვებისთვის. ამასთან, სავარაუდოდ, აკრძალვები არ შეეხება რუსეთის გათხიერებული გაზის გადაყიდვას მესამე ქვეყნებში.

Euractiv-ის წყაროების ცნობით, ევროკავშირი აპირებს ამჟამინდელ ნიშნულზე შეინარჩუნოს რუსეთის ნავთობის ზღვრული ფასი - ბარელზე 44 დოლარი.

ამასთან, გერმანია, პოლონეთი და პორტუგალია ცდილობენ შეზღუდვები შემსუბუქდეს რუსეთის თევზის კონკრეტული სახეობების იმპორტზე, ხოლო ბულგარეთი აპროტესტებს სანქციების სიაში პატრიარქ კირილეს შეყვანას.

ევროკომისიამ სანქციების 21-ე პაკეტისთვის წინადადებები 9 ივლისს წარმოადგინა. ვარაუდობენ, რომ ახალი აკრძალვები შეეხება ენერგეტიკის, საფინანსო და სავაჭრო სექტორებს, ასევე 80-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

სრულად წაკითხვა