ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე – მეექვსე კლასტერის (თავის) გახსნაზე შეთანხმდა.
გადაწყვეტილება ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 10 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ირლანდიამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეა.
მეექვსე კლასტერის გახსნის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე უნდა იქნას მიღებული, რომელიც ბრიუსელში 14 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება მეექვსე კლასტერს, სახელწოდებით „საგარეო ურთიერთობები“, თავისი შეზღუდული მასშტაბის გამო, ყველაზე იოლ გასავლელ ეტაპად მიიჩნევა.
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახნას ხელი შეუწყო უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის გადაწყვეტილებამ. კერძოდ, უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ივნისის დასაწყისში მოხსნა ვეტო, რამაც გზა გაუხსნა უკრაინასთან პირველი კლასტერის გახსნას, რომელიც „ფუნდამენტური საკითხების“ სახელითაა ცნობილი.
მეექვსე კლასტერის გახსნის შემდეგ, უკრაინას და მოლდოვას კიდევ ოთხი კლასტერი დარჩებათ: მეორე კლასტერი (შიდა ბაზარი), მესამე კლასტერი (კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა), მეოთხე კლასტერი (მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები) და მეხუთე კლასტერი (რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა).
ევროკომისია მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ტექნიკურად მზად არიან ყველა მათგანის გასახსნელად, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათთან ერთად განაცხადი გააკეთა საქართველომაც, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით მისცეს. თუმცა დემოკრატიული უკუსვლის გამო, ამჟამად საქართველოს გაწევრიანების პროცესიში შეჩერებულია.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·