9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა "მეტალ +"-ის დირექტორს, მან 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა ბიუჯეტის ფულით

1 week ago 13

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა სახელმწიფოს კონტრაქტორი კომპანიის, "მეტალ+"-ის ხელმძღვანელს, რომელსაც გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ბიზნესმენი 2024 წლის დეკემბერში დააკავეს და სასამართლო მის საქმეს ამ დრომდე განიხილავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელს ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებაც, 1 ბინა და 4 ავტომობილი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, მან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოგებულ ტენდერში მიღებული ბიუჯეტის ფულით შეიძინა.

ამ საქმეზე პროკურატურა ამბობს, რომ საგარეჯოს მერიასა და "მეტალ+"-ს შორის არსებობდა 1 091 329 ლარის ღირებულების ხელშკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ანგარიშზე 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა.

კომპანია ვალდებულებები არ შეასრულა, თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, უკანონოდ მითვისებული თანხის ლეგალიზებისთვის კი ბინა და ავტომობილები იყიდა - მათი ღირებულება ჯამში 680 682 ლარად არის შეფასებული.

"მეტალ+"-ის ხელმძღვანელი გიროგი მუზაშვილი ქართული ოცნების შემომწირველია - მან 2024 წლის მარტში, დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, მმართველ პარტიას 50 000 ლარი შეწირა.

2011 წელს დაფუძნებული კომპანია "მეტალ+"-სთვის საგარეჯოს მერია ერთადერთი სახელმწიფო კონტრაქტორი არ ყოფილა - მას ჯამში 25 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, მათგან 11 გამარტივებული შესყიდვით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტთანაც კომპანიას გამარტივებული შესყიდვით ჰქონდა კონტრაქტები მიღებული 2022 წელს.

"მეტალ+"-ს სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის არის ასევე თბილის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, შპს სპორტმშენსერვისი, მცხეთისა და დუშეთის მერიები.

გიორგი მუზაშვილი მეტალ+-ის გარდა კიდევ ორი სხვა კომპანიის, ახალი სამშენებლო ჯგუფისა და გაბ ჯორჯიას მეწილეცაა. ეს უკანასკნელი ასევე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში და არაერთი მსხვილი ტენდერი აქვს მოგებული და ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან, თბილისის მერიასა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან.

სრულად წაკითხვა