23 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილია ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა

1 week ago 8

დღეს, 23 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა დაადასტურა.

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში. სესია 22 სექტემბერს გაიხსნა.

უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში 22 სექტემბერს ჩავიდა და იმავე დღეს შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს.

შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გენერალ კელოგს გააცნო ფრონტზე არსებული სიტუაცია და დობროპოლიესა და პოკროვსკის მახლობლად უკრაინის კონტრშეტევის შედეგები.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ისაუბრეს დრონებთან დაკავშირებულ ურთიერთმომგებიან შეთანხმებებსა და ამერიკული იარაღის შეძენაზეც.

პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ამ დრომდე ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. მოსკოვისგან განსხვავებით კიევმა თანხმობა ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე განაცხადა.

2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.

ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ბოლო დროს ტრამპმა რამდენჯერმე ისიც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.

სრულად წაკითხვა