საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. მას კითხვა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო ცვლილების შესახებ მას შემდეგ დაუსვეს ჟურნალისტებმა, რაც 11 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას დაუჭირონ მხარი.
ევროკავშირის ელჩი განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაერთი თვეა რაც მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რა უნდა იყოს ევროკავშირის სათანადო პასუხი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ დისკუსიებში "კიდევ ერთი მოსაზრებაა." პაველ ჰერჩინკის თქმით, ამ დრომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეცვლის მოწინააღმდეგეა, რადგან ეს არა იმდენად ხელისუფლებას, რამდენადაც მოქალაქეებს შეუქმნის პრობლემებს.
„ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისა და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, - თქვა ჰერჩინსკიმ. ის დღეს საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრება და სწორედ იქ გააკეთა ეს განცხადება.