ხარკოვი, ოდესა, ზაპოროჟიე - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს

3 days ago 4

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ოდესის და ზაპოროჟიეს ოლქები.

ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანებულია სახლები.

დრონებით შეტევა იყო ოდესაზეც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორ საცხოვრებელ კორპუსში განადგურებულია ორი ბინა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

საჰაერო დარტყმები იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 10 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეტევა იყო 46 დასახლებულ პუნქტზე. დაიჭრა ათი ადამიანი. დაზიანებულია ათეულობით სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს ენერგოობიექტებზეც. დაზიანებების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხარკოვის, ოდესის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქების ნაწილს.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 10 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 207 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 181 დრონის მოგერიება და 21-ით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.

სრულად წაკითხვა