იტალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის რეჟიმი, აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი ესპანეთთან და გაამკაცროს შემოწმება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო მიმოსვლისას. გადაწყვეტილება უკავშირდება ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში შექმნილ უპრეცედენტო მიგრაციულ კრიზისს, რომელმაც ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების ყურადღება მიიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებში ხშირად გამოიყენება სიტყვები „საზღვრების ჩაკეტვა“, რეალურად ეს არ ნიშნავს, რომ იტალიასა და ესპანეთს შორის საჰაერო, საბორნე ან სხვა სახის მიმოსვლა შეწყდება. საუბარია სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენაზე, რაც ევროკავშირის კანონმდებლობით განსაკუთრებულ შემთხვევებში დაშვებულია.
რა მოხდა სეუტაში?
სეუტა (Ceuta) ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში მდებარე ესპანეთის ავტონომიური ქალაქი და ექსკლავია. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, ის ესპანეთისა და, შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაა. სეუტა თავდაპირველად 1415 წელს პორტუგალიამ დაიპყრო, ხოლო 1668 წლიდან ოფიციალურად ესპანეთის შემადგენლობაშია (1580 წელს, როდესაც პორტუგალია და ესპანეთი ერთ მონარქს დაექვემდებარა (იბერიული უნია), სეუტაც ამ გვირგვინის ქვეშ აღმოჩნდა. შემდეგ, 1668 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით, პორტუგალიამ ოფიციალურად აღიარა ქალაქი ესპანეთის საკუთრებად). სეუტა, მელილიასთან ერთად, ევროკავშირის ერთადერთ სახმელეთო საზღვარს წარმოადგენს აფრიკაში. სწორედ ამიტომ ქალაქი ათწლეულებია აფრიკიდან ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტების ერთ-ერთ მთავარ დანიშნულების წერტილად იქცა.
ბოლო დღეებში ვითარება უკიდურესად გამწვავდა. სხვადასხვა შეფასებით, ათიათასობით მიგრანტმა ერთდროულად სცადა სეუტაში შესვლა, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების რესურსები მნიშვნელოვნად გადატვირთა. ესპანეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირის პარტნიორებს მიმართა, რადგან არსებობს შიში, რომ მიგრაციული ნაკადი სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, სეუტაში მაროკოს გავლით აფრიკის ქვეყნებიდან 60 000-მდე მიგრანტი შევიდა.
პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში ჩავიდა და მომხდარს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა უწოდა.
სწორედ ამ მიგრაციული კრიზისის ფონზე იტალიამ, უსაფრთხოების მოსაზრებით, მიიღო გადაწყვეტილება და ერთი თვით აღადგინა სასაზღვრო კონტროლი ესპანეთთან. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოსის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. ANSA-ს ინფორმაციით, მელონიმ განაცხადა, რომ ესპანეთთან შენგენის რეჟიმის დროებითი შეჩერების მიზანი „ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა“. გადაწყვეტილება შეეხება საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას და ნიშნავს, რომ მგზავრებს კვლავ მოუწევთ საპასპორტო კონტროლის გავლა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 48 300 მიგრანტი უკვე დაბრუნდა მაროკოში, ძირითადად, ნებაყოფლობით. სამწუხაროდ, მიგრანტთა შორის არის მსხვერპლი – „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია 57 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ.
ტრაგედიის ყველაზე მძიმე მხარე ის არის, რომ მიგრანტებს შორის ქალებთან ერთად ბევრი ბავშვიც იმყოფებოდა. ათასობით ადამიანი სეუტაში ზღვით შესვლას ცდილობდა, რის გამოც ზოგი დაიხრჩო, ნაწილი კი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან წარმოქმნილ ჭყლეტაში დაიღუპა.
Reuters ასევე იუწყება, რომ მაროკოს ძალები ბრბოს შესაკავებლად იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, თუმცა ამ ეტაპზე დაღუპულთა ოფიციალურ მიზეზად მაინც დახრჩობა და ჭყლეტა სახელდება.
ესპანეთის ხელისუფლებას ჯერ არ დაუზუსტებია, იყვნენ თუ არა დაღუპულთა შორის არასრულწლოვანები, თუმცა ცნობილია, რომ მიგრანტთა ჯგუფებში ბევრი ბავშვი და თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.
რას ნიშნავს შენგენის რეჟიმის დროებითი შეჩერება?
შენგენის შეთანხმების მთავარი პრინციპი წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც წესი, შიდა საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი არ ტარდება.
თუმცა შენგენის სასაზღვრო კოდექსი წევრ სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, განსაკუთრებულ ვითარებაში – მაგალითად, შიდა უსაფრთხოების, ტერორიზმის, მასობრივი მიგრაციის ან საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის შემთხვევაში – დროებით აღადგინონ სასაზღვრო კონტროლი.
სწორედ ამ მექანიზმს იყენებს ახლა იტალია.
ეს პრაქტიკა ევროპისთვის ახალი არ არის. ბოლო წლებში მსგავსი ზომები სხვადასხვა დროს გამოიყენეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, დანიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ და სხვა ქვეყნებმა.
რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივი მგზავრებისთვის?
მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ იტალია ესპანეთთან საზღვრებს ფაქტობრივად არ კეტავს.
ეს ნიშნავს, რომ:
- იტალიასა და ესპანეთს შორის რეგულარული ავიარეისები გაგრძელდება;
- ბორნებიც ჩვეულებრივ იმოძრავებს;
- მგზავრებს შეიძლება კვლავ მოსთხოვონ პასპორტის ან პირადობის მოწმობის წარდგენა;
- სასაზღვრო პოლიციას ექნება უფლება, ჩაატაროს დამატებითი დოკუმენტური შემოწმება;
- შესაძლოა მგზავრებმა აეროპორტებსა და პორტებში მეტი დრო გაატარონ.
ანუ, თუ აქამდე იტალიიდან ესპანეთში ფრენისას ხშირ შემთხვევაში შიდა რეისის მსგავსად მხოლოდ ჩასხდომის პროცედურები იყო საჭირო, ახლა მგზავრები მზად უნდა იყვნენ სრულფასოვანი სასაზღვრო კონტროლისთვისაც.
შეეხება თუ არა ეს იტალიაში მცხოვრებ ქართველებს?
დიახ, განსაკუთრებით მათ, ვინც ზაფხულის სეზონზე ესპანეთში დასვენებას ან სამუშაო მიზნით გამგზავრებას გეგმავს.
გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის მთავარი ცვლილება იქნება ის, რომ ესპანეთში გამგზავრებისას შესაძლოა დამატებითი სასაზღვრო შემოწმება გაიარონ.
თუმცა, თუ მათ აქვთ მოქმედი ბინადრობის ნებართვა, ვიზა ან ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი, თავად მოგზაურობის უფლება არ იზღუდება.
შეიძლება თუ არა მსგავსი ზომები სხვა ქვეყნებმაც მიიღონ?
ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ სეუტაში შექმნილი კრიზისი გაგრძელდება ან მიგრაციული ნაკადი სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება, დროებითი სასაზღვრო კონტროლის აღდგენა ევროკავშირის სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც გადაწყვიტონ. ევროკავშირის კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა ან მიგრაციულ ვითარების მხრივ განსაკუთრებული საფრთხე იქმნება. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ანალოგიური ზომები სხვა ქვეყნებმაც მიიღონ, განსაკუთრებით მიგრაციული მარშრუტების მთავარ მიმართულებებზე მდებარე სახელმწიფოებმა.
ბოლო წლებში ევროკავშირი სულ უფრო ხშირად მიმართავს შენგენის კოდექსით გათვალისწინებულ დროებით შეზღუდვებს. ეს უკვე იქცა ერთგვარ ინსტრუმენტად, რომელსაც მთავრობები უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იყენებენ.
რას უნდა ელოდონ მგზავრები?
თუ უახლოეს დღეებში იტალიასა და ესპანეთს შორის მოგზაურობას გეგმავთ, სასურველია:
- თან იქონიოთ მოქმედი პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა (ევროკავშირის მოქალაქეებისთვის);
- იტალიაში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თან იქონიონ ბინადრობის ბარათი;
- აეროპორტში ან პორტში ჩვეულებრივზე ადრე გამოცხადდნენ, რადგან კონტროლის გამო რიგები შეიძლება გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ბევრისთვის „საზღვრების ჩაკეტვად“ აღიქმება, რეალურად საუბარია მხოლოდ გარკვეული ვადით (ერთი თვით) სასაზღვრო კონტროლის აღდგენაზე. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობით ნებადართულია და, როგორც წესი, დროებით ხასიათს ატარებს.
სეუტაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად სწრაფად შეიძლება იქცეს რეგიონული მიგრაციული კრიზისი ევროპულ უსაფრთხოების პრობლემად. სწორედ ამიტომ, იტალიის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთჯერადი რეაგირება არ იქნება. თუ მიგრაციული ზეწოლა გაგრძელდება, გამორიცხული არ არის, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებმაც დროებით აღადგინონ შიდა სასაზღვრო კონტროლი.
ნანა ძნელაძე
მსგავს თემაზე: გერმანია სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აღადგენს – ეს გადაწყვეტილება „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“?

1 hour ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·