საბერძნეთში 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ხანძრის საფრთხის გამო Red Code-ის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყნის დიდ ნაწილში ხანძრის რისკი „ძალიან მაღალ“ დონეზე – მე-4 კატეგორიად არის შეფასებული, ხოლო ძლიერი ჩრდილოეთის ქარები, რომელთა სიჩქარეც ზოგიერთ რაიონში 100 კმ/სთ-ს აჭარბებს, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
საბერძნეთი 15 აგვისტოს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღის, წინ განსაკუთრებული მობილიზაციის რეჟიმში შედის. ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი ქარი შაბათსაც გაგრძელდება და მისი შესუსტება მხოლოდ კვირას, დღის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი.
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული ხანძრის რისკის რუკის მიხედვით, ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში ხანძრის გაჩენისა და სწრაფად გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალია – მე-4 კატეგორია. სწორედ ამის გამო არაერთ რეგიონში Red Code-ის, ანუ სრული მობილიზაციის რეჟიმი ამოქმედდა.
სად მოქმედებს Red Code
განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება:
- ატიკის რეგიონი, მათ შორის, კუნძული კიტირა;
- პელოპონესის რეგიონში – კორინთოს, არგოლიდისისა და ლაკონიის რეგიონული ერთეულები;
- დასავლეთ საბერძნეთში – აქაიისა და ელიდის რეგიონული ერთეულები;
- ცენტრალურ საბერძნეთში – ბეოტიის, ფთიოტიდისა და ევბეის რეგიონული ერთეულები, მათ შორის, კუნძული სკიროსი;
- თესალიაში – სპორადების რეგიონული ერთეული;
- ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი;
- სამხრეთ ეგეოსის რეგიონი;
- კრეტის რეგიონი;
- ცენტრალურ მაკედონიაში – ქალკიდიკის რეგიონული ერთეული და ათონის მთა;
- აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში – კავალის, თასოსის, ქსანთის, როდოპისა და ევროსის რეგიონული ერთეულები, მათ შორის, კუნძული სამოთრაკი.
ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტები, რომლებიც 15 აგვისტოს საბერძნეთის კუნძულებზე, სანაპიროებზე ან ტყიან რაიონებში იმყოფებიან.
რას ნიშნავს Red Code
Red Code მხოლოდ გაფრთხილება არ არის. ეს არის სრული მობილიზაციის რეჟიმი, რომლის დროსაც შესაბამისი უწყებები ამზადებენ და საჭიროების შემთხვევაში სრულ მობილიზაციას უკეთებენ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს შესაძლო სტიქიურ მოვლენაზე სწრაფი რეაგირებისთვის.
რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს დაევალათ ადგილობრივი და რეგიონული სამოქალაქო დაცვის საკოორდინაციო ორგანოების დაუყოვნებლივ შეკრება, რათა შეაფასონ ტყის ხანძრების შესაძლო რისკები და მზადყოფნის ზომები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ადგილებს, სადაც ძლიერი ქარი ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფ გავრცელებას შეუწყობს ხელს.
უკვე მობილიზებულია ავიაცია და დრონები
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს განსაკუთრებით რთული ვითარებაა მოსალოდნელი, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით სახანძრო სამსახურის პერსონალი გაძლიერებულ მზადყოფნაში რჩება.
მაღალი რისკის რაიონებში გაიზარდა პატრულირება და ძალების განთავსება. ასევე გაძლიერდა ტყის ხანძრებთან ბრძოლის სპეციალური დანაყოფების მზადყოფნა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შეიარაღებული საჰაერო პატრულირებაა – თვითმფრინავები და სხვა საჰაერო საშუალებები მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზე სწრაფად ჩავიდნენ.
რეგიონების მუდმივი მონიტორინგისთვის ასევე გამოიყენება დრონები და მობილური დრონების ცენტრები. მათი ამოცანაა განსაკუთრებით მაღალი და ექსტრემალური რისკის ზონების უწყვეტი კონტროლი.
საბერძნეთის საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო ცენტრში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ.
პატრულირებაში ჯარიც ერთვება
გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან არა მხოლოდ მეხანძრეები, არამედ საბერძნეთის შეიარაღებული ძალები, პოლიცია, სანაპირო დაცვა, მუნიციპალიტეტები, რეგიონული ხელისუფლებები, სატყეო სამსახური, ელექტროენერგიის შესაბამისი ოპერატორები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მოხალისეობრივი ჯგუფები.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში განახორციელებენ პატრულირებას და მუდმივად დააკომპლექტებენ განსაზღვრულ სახანძრო საგუშაგოებს.
საჭიროების შემთხვევაში სწრაფი ჩარევისთვის მზადყოფნაში იქნება სპეციალური საინჟინრო ტექნიკაც.
ამასთან, იზრდება ტყეებში, ეროვნულ პარკებსა და სხვა განსაკუთრებით მგრძნობიარე ტერიტორიებზე შესვლისა და გადაადგილების აკრძალვების შესრულების კონტროლი.
ქარმა კარისთოსსა და პენტელიში 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა
ხანძრის საფრთხის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩრდილოეთის ძლიერი ქარია.
14 აგვისტოს ეგეოსის ზღვაზე, კრეტასა და საბერძნეთის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში ძლიერი ქარი დაფიქსირდა.
საბერძნეთის ეროვნული ობსერვატორიისა და meteo.gr-ის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, 14 აგვისტოს 13:40 საათამდე ყველაზე ძლიერი ქარის ნაკადი კარისთოსთან, პაქსიმადის რაიონში იყო. ქარის სიჩქარემ 112 კმ/სთ-ს მიაღწია.
მეორე ყველაზე ძლიერი მაჩვენებელი – 106 კმ/სთ პენტელის მწვერვალზე დაფიქსირდა.
სწორედ ასეთი ქარია განსაკუთრებით სახიფათო ხანძრის გაჩენის შემთხვევაში: ცეცხლის გავრცელების სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება, კვამლი სწრაფად გადაადგილდება, ხოლო მეხანძრეებისთვის ფრონტის კონტროლი გაცილებით რთულდება.
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აგვისტოს
მეტეოროლოგიური პროგნოზის თანახმად, ძალიან ძლიერი ქარი შაბათს, 15 აგვისტოსაც, შენარჩუნდება, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში.
თრაკიაში ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის სიჩქარე 5-7 ბოფორტს (29-61 კმ/სთ) მიაღწევს, ხოლო ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე – 6-8 ბოფორტს (39-74 კმ/სთ).
აღმოსავლეთ და სამხრეთ პელოპონესში ქარი 5-7 ბოფორტის ფარგლებში იქნება.
ატიკა-ბეოტიასა და ევბეაში ჩრდილოეთის ქარი 6-7 ბოფორტს მიაღწევს, დღის მეორე ნახევრამდე კი ზოგიერთ რაიონში შესაძლოა 8 ბოფორტამდეც (62-74 კმ/სთ) გაძლიერდეს.
განსაკუთრებით რთული პირობებია მოსალოდნელი ეგეოსის ზღვაზე. ცენტრალურ ეგეოსში ქარის სიძლიერე 7-8 ბოფორტს მიაღწევს, დღის პირველ ნახევარში კი ცალკეულ რაიონებში 9 ბოფორტიც (75-88 კმ/სთ) არის მოსალოდნელი.
კიკლადების არქიპელაგის კუნძულებზე ქარის სიმძლავრე 7-8 ბოფორტი იქნება, ჩრდილოეთ ნაწილში კი შესაძლოა 9 ბოფორტს მიაღწიოს.
კრეტაზე ჩრდილოეთის ქარი 6-8 ბოფორტის ფარგლებში იქნება, კუნძულის სამხრეთ ნაწილში კი ქარის ნაკადებმა შესაძლოა კვლავ 100 კმ/სთ-ს გადააჭარბოს.
კასოსა და კარპათოსზე ჩრდილო-დასავლეთის ქარი 7-8 ბოფორტამდე გაძლიერდება.
როდის დაიწყებს ქარი შესუსტებას
კვირას, 16 აგვისტოს, ძლიერი ქარი თავიდან კვლავ რამდენიმე რეგიონში შენარჩუნდება.
ატიკა-ბეოტიაში ქარი 5-7 ბოფორტი იქნება, სამხრეთ ევბეაში – 6-8 ბოფორტი, ხოლო კიკლადებზე, კრეტაზე, კასოსა და კარპათოსზე – 5-7, ცალკეულ რაიონებში კი – 8 ბოფორტი.
მდგომარეობის გაუმჯობესება, პროგნოზის მიხედვით, კვირას, დღის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი, როდესაც ქარის ძალა თანდათან დაიწყებს კლებას.
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და მოერიდონ ისეთ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს. მაღალი ხანძარსაშიშროების პირობებში განსაკუთრებით სახიფათოა ღია ცეცხლის გამოყენება, ტყის ან მშრალი მცენარეულობის სიახლოვეს მწვადის შეწვა, ნაპერწკლის გამომწვევი ხელსაწყოების გამოყენება და სიგარეტის ნამწვის გადაგდება.
15 აგვისტო საბერძნეთში განსაკუთრებული დღეა: მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაული – ღვთისმშობლის მიძინება (ბერძნულად Κοίμηση της Θεοτόκου). ამ დღეს ბერძნები „ზაფხულის აღდგომასაც“ უწოდებენ. წელს მისი აღნიშვნა განსაკუთრებული სიფრთხილის ფონზე მოუწევთ.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: ხილული სასწაული საბერძნეთში, რომელიც ყოველ წელს, მარიამობას აღესრულება – თქმულება „გველის ღვთისმშობელზე“ (ვიდეო)
nostal.ge ახალი ამბები