იმის მიუხედავად, რომ საქართველოში “სპეციალური საწარმოს” სტატუსის მქონე კომპანია “სოლიდუსის” მფლობელი აცხადებს, რომ აფხაზეთში საწვავი ენგურის გამშვები პუნქტით შეაქვს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე შესული საწვავის გარდა, აფხაზეთში სხვა ქვეყნებიდან საწვავს საზღვაო გზით იღებენ. ამასთან, გუნბა არ ახსენებს არც საქართველოს და არც ენგურის გამშვებ პუნქტს.
“გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციისგან ვიღებთ საწვავს, ვდგამთ ნაბიჯებს რომელიც მიმართულია საწვავის მოწოდებაზე სხვა მიმართულებებიდან, სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის საზღვაო მიმოსვლით, მაგრამ შავი ზღვის აკვატორიის სიტუაციის გათვალისწინებით ყველა მომწოდებელი არაა მზად მოგვაწოდოს საწვავი ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი მიზეზების გამო. არის ლოგისტიკური სირთულეები, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ და ყველაფერს ვაკეთებთ რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს საწვავით”, – ამბობს გუნბა.
მისივე თქმით, ყველა საწვავი, რაც აფხაზეთში შედის, “მოსახლეობისა და სპეციალური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საჭიროებას ხმარდება”.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მხრიდან საწვავის მიწოდების ფაქტი გასაჯაროვდა და პირველად შეტანილი საწვავის სხვა რაოდენობა – 3 ათასი ტონა დასახელდა, ექსპერტებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ მსგავსი მოცულობის შეტანა ენგურის ხიდით რთული იქნებოდა და სწორედ საზღვაო გზას ასახელებდნენ. თუმცა, კომპანიის დირექტორის განცხადებით, არა 3000, არამედ 300 ტონა საწვავი შეიტანეს აფხაზეთში ენგურის გამშვები პუნქტით და შემდეგ კიდევ 100 ტონა.
აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.
მოგვიანებით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა.
კომპანიის მფლობელი, გიორგი არველაძე ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ საწვავის შეტანისთვის ხელი არ შეუშლიათ. და რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.
აფხაზეთში საწვავის შეტანისას სანქციების რისკი გასათვალისწინებელია – ალაფიშვილი
netgazeti