Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების გავლა თითქმის სრულად შეჩერდა მას შემდეგ, რაც იქ კიდევ ორ გემზე განხორციელდა თავდასხმა, ხოლო აშშ-მა განაცხადა, რომ შეუძლია ირანის საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს.
სააგენტო მაღალი რანგის ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასასრულებლად ივნისის შეთანხმებაზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის.
მას შემდეგ, რაც ივნისის შეთანხმებით გაგრძელებული ცეცხლის შეწყვეტა ჩაიშალა, ირანმა განაახლა თავდასხმები იმ გემებზე, რომლებსაც მისი ნებართვის გარეშე სრუტის გადაკვეთის მცდელობაში ადანაშაულებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია „Abu Dhabi National Oil Company“-მ განაცხადა, რომ ხუთშაბათს საღამოს სრუტის გავლისას მის ორ გემს დაესხნენ თავს. საამიროების მთავრობამ ბრალი ირანს დააკისრა, რომელსაც დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია.
გემების მეთვალყურეობის ფირმა „Kpler“-ის ანალიზის თანახმად, 14 აგვისტოს ვიწრო საზღვაო სრუტე ორმა გემმა გაიარა: მარცვლეულით დატვირთულმა გემმა, რომელიც ირანის წყლებში შედიოდა, და ცარიელმა მშრალი ტვირთის მზიდმა ხომალდმა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ ცალკეული ცარიელი ტანკერი სრუტის გავლით სპარსეთის ყურეში შედიოდა. პარასკევს ნედლი ნავთობის გადაზიდვები არ დაფიქსირებულა.
ხუთშაბათს სრუტე ცხრა გემმა გაიარა, რაც ოთხშაბათის მაჩვენებელზე (ხუთი გემი) მეტია, თუმცა ჩამოუვარდება აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 12-ს აღწევს.
ზოგიერთმა გემმა შესაძლოა შეუმჩნევლად გაიაროს გამორთული ტრანსპონდერებით, თუმცა ეს ციფრები ახლოსაც ვერ მივა დღეში 130-ზე მეტ გემთან, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს თებერვალში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ დაწყებულ ომამდე კვეთდნენ.
„რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე არსებულ საფრთხესთან ერთად, ირანის შესაძლებლობა, შეზღუდოს ნაოსნობა სრუტეში, მისი მთავარი ბერკეტია მოლაპარაკებებში“, — მოჰყავს ტორბიორნ სოლვედტის, რისკების დაზვერვის კომპანია „Verisk Maplecroft“-ის ახლო აღმოსავლეთის მთავარი ანალიტიკოსის სიტყვები Reuters-ს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამხედრო-საზღვაო ყოფნა რეგიონში ირანის საპასუხო ბლოკადის უზრუნველსაყოფად, რამაც ქვეყანას მძიმე ეკონომიკური ზიანი მიაყენა.
ფინანსთა მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანისთვის კიდევ უფრო ძლიერ ფინანსურ ზეწოლას გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის შიგნით ზეწოლის ქვეშ იმყოფება არაპოპულარული ომის დასასრულებლად, რადგან ირანზე თავდასხმამ საწვავის ფასები გაზარდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ „სრულ კონტროლს“ ფლობს სრუტეზე, რომლის გავლითაც ომის დაწყებამდე გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მეხუთედი გადიოდა მსოფლიო ბაზარზე.
ირანი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს საზღვაო გზის გახსნას, სანამ მისი პირობები არ დაკმაყოფილდება.
ეს პირობები მოიცავს ეკონომიკური სანქციების მოხსნასა და გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას.
აშშ-მა ივნისის შუა რიცხვებში ერთი თვით მოხსნა ირანის ნაოსნობისა და პორტების ბლოკადა, თუმცა მას შემდეგ იგი აღადგინა, რამაც თეირანს მყარი ვალუტის ძირითადი წყარო გადაუკეტა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ომისდროინდელი დარტყმებით გამოწვეული ადრეული დანაკარგები კიდევ უფრო გაზარდა.
ვაშინგტონმა მანამდე განაცხადა, რომ ირანის ბლოკადას მოხსნიდა მას შემდეგ, რაც ირანი და ომანი, რომელთა წყლებზე გადის ჰორმუზის სრუტე, კომერციული ნაოსნობის აღდგენაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ.
ცნობებმა იმის შესახებ, რომ იემენის ჰუსიტებმა, ირანის მოკავშირეებმა, ხუთშაბათს უპილოტო საფრენი აპარატებით „Saudi Aramco“-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაყენეს დარტყმა, ხელახლა გააჩინა შეშფოთება რეგიონული ომის გაფართოებასთან დაკავშირებით.
radiotavisupleba ახალი ამბები