საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში „სხვადასხვა ქვეყნის 7 880 მოქალაქე“ შემოვიდა, რითაც უარყო ინფორმაცია და შეშფოთება იმის შესახებ, რომ ერთ დღეში ლარსის გავლით საქართველოს საზღვარი „რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ“ გადმოკვეთა.
სამინისტროს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველომ განაცხადა, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა და რომ ტურისტული ნაკადის მაღალ ინტენსივობას თან ახლდა მსუბუქი ავტომობილების „რეკორდული რაოდენობა“.
უწყებამ არ დააკონკრეტა, ეს მაჩვენებელი რუსეთიდან საქართველოში, საქართველოდან რუსეთში თუ ორივე მხარეს საზღვრის გადაკვეთას ეხებოდა და არც საზღვრის გადამკვეთი მოქალაქეების ეროვნება დაასახელა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ 15 და 16 აგვისტოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც, მისი თქმით, „მნიშვნელოვნად აღემატება“ წინა წლების ანალოგიურ პერიოდებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ გაძლიერდა ცვლები, გაიზარდა პერსონალის რაოდენობა, რაც გამტარიანობის გაზრდისა და ტრანსპორტის ოპერატიულად გაფორმების საშუალებას იძლევა.
ამ მაჩვენებლებმა ქართულ მედიასა და საზოგადოებაში რუსი მოქალაქეების შემოდინების შესაძლო ზრდის გამო შეშფოთება გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და „ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება“.
„განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა“, – განაცხადა შსს-მ. „ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ“.
„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, – დასძინა შსს-მ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები