შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რატომ არ გაუვრცელებიათ ეს ინფორმაცია დღემდე, - ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში.
„უფროსი დეტექტივი“
პოლიციის მიერ 16 აპრილს საჯაროდ გავრცელებული ცნობის თანახმად, დაზარალებულია პოლიციელი გიორგი ზაბახიძე.
კერძოდ, შსს-ი წერს, რომ ის არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დღეს გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, ზაბახიძე 28 ნოემბრის დღის ბოლოს, 29 ნოემბრის დასაწყისში იყო პარლამენტის მიმდებარედ საპოლიციო კორდონში.
„მას აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი მარჯვენა თვალის არეში მოხვდა“, - აცხადებს დარახველიძე. შსს-ს განცხადებაში წერია, რომ მან მძიმე დაზიანება მიიღო. დარახველიძე ამბობს, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შემდეგ პოლიციელი წაიქცა.
პოლიციის თანახმად, დაშავებული სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, გაუწიეს გადაუდებელი დახმარება, თუმცა „ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა“.
შემდეგ პოლიცია ამბობს, რომ თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით, „თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება“. ამის შემდეგ, შსს-ს განცხადებით, სამინისტრომ დაშავებული ზაბახიძის სამედიცინო მასალა გაუგზავნა „ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკას“.
შსს აცხადებს, რომ დაშავებული თანამშრომელი გაგზავნეს თურქეთში, ანკარაში, კლინიკა „გიუვენში“ და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში“, თუმცა „კლინიკების წამყვანი ოფთალმო - ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია“.
„მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა“, - აცხადებს შსს.
დაკავებული არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით „მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“.
„ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“, - აცხადებს სამინისტრო.
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, - რომლისთვისაც გაერთიანებულ სამეფოს ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული, - აცხადებს, რომ „აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად შსს-ის 171 თანამშრომელი დაშავდა“.
რა არ ვიცით?
შსს-სა და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებების მიღმა რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა რჩება:
- კონკრეტულად სად იდგა პოლიციელი
- რა „ბლაგვი საგანი“ მოხვდა მას
- სავარაუდო მსროლელი ნამდვილად იყო თუ არა აქციის მონაწილე
- კონკრეტულად რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება
- საქმის მასალები გაგზავნილია თუ არა სასამართლოში
- არსებობს თუ არა დაზიანების ეპიზოდის ამსახველი კადრები და ა.შ.
დემონსტრაციები და ძალადობა
ოთხ-ნახევარი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო უწყვეტი, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები, რაც, თავის მხრივ, მოჰყვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას , „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
ამ ხნის განმავლობაში სამინისტრო და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედია საუბრობენ „დაზარალებულ პოლიციელებზე“, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის სახელი ცნობილი არ ყოფილა. ამჯერადაც მხოლოდ ერთის ვინაობა და საქმე გასაჯაროვდა.
რადიო თავისუფლების მიმართვის მიუხედავად დაშავებულ პოლიციელებთან ინტერვიუს ჩამორთმევის სურვილისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ, შსს-ს რედაქცია მათთან არ დაუკავშირებია და არც დეტალები გაუზიარებია.
ამ ოთხთვე-ნახევრიან პერიოდში შსს-მ ადმინისტრაციული წესით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 50-ზე მეტი კი - სისხლის სამართლის წესით.
მათგან რამდენიმეს პოლიციაზე ძალადობა - ჯგუფურად ძალადობა - ედება ბრალად.
ზოგიერთს „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით აქვს ბრალი წაყენებული მაშინ, როდესაც პოლიციელთა დაზიანებები შემოიფარგლება ლოყის გაწითლებით, „დროშის ტარის დარტყმის შედეგად“ ხელის არეში ტკივილით და ა.შ..
ამავდროულად, სახელმწიფო უწყებებს დღემდე არ ჰყავთ დაკავებული არცერთი პოლიციელი თუ სპეცრაზმელი, - მიუხედავად იმისა, რომ ათობით დემონსტრანტი თუ მედიის წარმომადგენელი მიუთითებს არაადამიანურ მოპყრობაზე და თანაც არსებობს საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ამსახველი კადრები; ამასთან, არაერთი დემონსტრანტი ჰყვება დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ძალადობის შესახებაც.