თბილისის ზოოპარკი ლომის ბოკვერ შანისთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს – ზოოპარკი აღნიშნავს, რომ ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. შეგახსენებთ, ზოოპარკში შანი ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მიიყვანა.
განცხადების თანახმად, საგანგაშო დიაგნოზების გამოსარიცხად ლომისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება გახდა საჭირო.
გთავაზობთ პოსტს:
“სხვისი შვილები რომ სწრაფად იზრდებიან, ისე ყოფილა ლომების შვილების ამბავიც. სხვისი ბოკვრები – გაიხედავ და უკვე ფაფარაქოჩრილები დარბიან, ამ ჩვენს გოგოს კიდევ ხან რა წინააღმდეგობა შეხვდა და ხან – რა. ჩვენც, მასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე თვეა, ათასი სირთულის გადალახვა გვიწევს. მივყვეთ თანმიმდევრულად.
შანი დაახლოებით ორი თვის იყო, როცა ჩვენთან მოიყვანეს. იმის გამო, რომ შესაბამის პირობებში არ იზრდებოდა, თანაც დროზე ადრე მოწყვიტეს დედას და იმ სასარგებლო ნივთიერებების გარეშე დარჩა, რომლებიც დედის რძიდან უნდა მიეღო, ჯანმრთელობით ვერ დაიკვეხნიდა: ჰქონდა რაქიტი, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის განვითარების შეფერხება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, პნევმონია… ჯერ იყო და ძლივს მოვაბრუნეთ იმ დღეს, როცა ჩვენთან მოიყვანეს. მერე კარგა ხანს სულს ვუბერავდით და ათას პროცედურას ვუტარებდით, რომ მისი მდგომარეობა დაგვესტაბილურებინა. ამ სულის ბერვის შედეგად პნევმონია ჩავუქრეთ, სწორი კვებითა და მკურნალობით საჭმლის მომნელებელი სისტემაც დავურეგულირეთ და რომ გვეგონა, ყველა თავის ტკივილი უკან გვქონდა მოტოვებული, სირთულეების ახალი სერია დაიწყო.
შანი გაიზარდა, მოსუქდა და ეს წონა კიდურებს რომ დააწვა, მისმა რაქიტიანმა სახსრებმა ჭახაჭუხი ატეხა. სუსტმა კუნთებმა დაწოლას ვერ გაუძლო. ჯერ კოჭლობა დაიწყო, მერე – კოჭლობაზე უარესი. იყო დღეები, როცა უკანა კიდურებს საერთოდ ვეღარ ეყრდნობოდა, ხოხვით უწევდა სიარული ან ხელში ატატებულს დავატარებდით. მერე იყო რენტგენები, ექოსკოპიები, წამლები, ვიტამინები, ბევრი სეირნობა, მზის აბაზანები, მასაჟები, შესაბამისი რაციონი, ღამეების თენება, კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან. სავარაუდო დიაგნოზებში მეტად საგანგაშო პროგნოზებიც გამოიკვეთა, მაგრამ ახლა აღარ დაგზაფრავთ მათი ჩამოთვლით. ისედაც ვრცელი ამბავი გამოგვდის.
როცა უცხოელი სპეციალისტი გეუბნება, რომ საგანგაშო დიაგნოზების გამოსარიცხად ლომისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებაა საჭირო, მისთვის ეს უბნის მაღაზიაში ჩაცუნცულებასავით ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთან კი ლამის მარსზე აცუნცულების ტოლფასი პროცედურაა. რა უნდა გვექნა? დასახმარებლად მეგობარ ექიმებს მივმართეთ – ადამიანების მკურნალ ნევროლოგებსა და ნეიროქირურგებს. საბედნიეროდ, კარგ სპეციალისტობასთან ერთად, გულისხმიერი და თანაგრძნობით სავსე პროფესიონალები არიან, რისთვისაც უსაზღვრო მადლიერებასა და აპლოდისმენტებს იმსახურებენ. აქვე, ვისარგებლებთ მომენტით და დიდ მადლობას გადავუხდით დახმარებისთვის მოკლედ, გავაქანეთ ეს ჩვენი გოგო კლინიკაში. დავაძინეთ და MRT აპარატში შევაგორეთ. იქაც, ხომ არ გგონიათ, წევს და სძინავს არხეინად, სანამ გადაუღებენ. სულ თავზე უნდა ედგას ვეტექიმი, რომელიც გააკონტროლებს წნევას, პულსს, საიმობოლიზაციო პრეპარატის მოქმედებას; დაუმატებს დოზას, თუ ამჩნევს, რომ იღვიძებს და მოძრაობას იწყებს, თანაც ამ ყველაფერს ისე დააბალანსებს, რომ ცხოველს პრობლემა არ შეექმნას და გამოღვიძება არ გაუჭირდეს. აქვე არ შეიძლება არ დავიკვეხნოთ, რომ ისეთი ვეტექიმები გვყავს თბილისის ზოოპარკში, ბარე ბევრ უცხოურ გაფუფუნებულ ზოოპარკს შეშურდება
სხვათა შორის, რამდენიმე გამობრდღვინილ სკამსა და საკაცეს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი გოგო კლინიკაში ერთობ წესიერი და მოკრძალებული პაციენტივით იქცეოდა.
საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კრიტიკული დიაგნოზები გამოირიცხა და პაციენტის მკურნალობა და მეთვალყურეობა ბინაზე გაგრძელდა.
ბინა კი კვლავაც ადმინისტრაციის შენობაში აქვს, რადგან მისი ვოლიერი ჯერ არ დასრულებულა. რომ არ აღშფოთდეთ, ისევ ადმინისტრაციაში რატომააო, აქვე მოგახსენებთ, რომ მშენებლობა ჩვენი მიზეზით არ გაჭიანურებულა და დიდი ჭაპანწყვეტის შემდეგ ვოლიერი თითქმის მზად გვაქვს.
ნამეტნავად პეპლებიან-ყვავილებიანი არც მომავალი სერია იქნება. უკვე საკმაოდ წამოზრდილ შანის, რომელიც სოციალური ცხოველია და ადამიანების გვერდითაა გაზრდილი, მარტოობა გაუჭირდება. ვერც ადამიანს და ვერც ცხოველს ვოლიერში ასე ადვილად ვერ შევუსახლებთ. სხვა ზოოპარკში გაგზავნის ვარიანტი არ განიხილება, რადგან ყველა ზოოპარკს თავისი პრაიდი (ლომების ოჯახი) ჰყავს და ასე თათარიახნად მირთმეული ლომი არავის უნდა. უკვე ვფიქრობთ, რა ვქნათ? რა გამოსავალი მოვძებნოთ? როგორ დავეხმაროთ ადაპტაციაში? ვინ დავუმეგობროთ ან დავუმეზობლოთ?… დღევანდელ სერიაში შანი ცოტას კოჭლობს და ერთი შეხედვითაც ეტყობა უკანა კიდურების დისტროფია, მაგრამ მთლიანობაში ბევრად უკეთაა. ბეჯითად აგრძელებს ჩვენს ღეჭვა-პორჭყნას, სკამების, ჩანთებისა და შარვლების გლეჯას. უყვარს ფანჯრიდან ჩიტების ყურება, ჭამა, ძილი, წვივები და კანჭები (ჩვენი), თათბირებზე დასწრება. როგორც ექიმები იტყვიან ხოლმე, უარყოფითი დინამიკის ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ სიძნელეებსაც გადავლახავთ და შემდეგ სერიაში უკვე ახალმოსახლეობაზე გიამბობთ”.