ღვიძლის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო საკვები – რომელია ფლავონოიდებით ყველაზე მდიდარი?

9 hours ago 5

მცენარეებში არსებული ბუნებრივი ნაერთები – ფლავონოიდები მათ ფერის შექმნაში, დამტვერიანებლების მოზიდვასა და ულტრაიისფერი სხივებისგან, მავნებლებისა და დაავადებებისგან თავის დაცვაში ეხმარება. ამ ნივთიერებებით ადამიანის ორგანიზმს ჩაი, შავი შოკოლადი, კენკრა, ციტრუსები, ვაშლი, ხახვი და ფოთლოვანი მწვანილი ყოველდღიურად ამარაგებს. ამის შესახებ Earth-ის წერს.

გამოცემის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ ფლავონოიდებით მდიდარი დიეტა აუმჯობესებს გულისა და ღვიძლის ჯანმრთელობას, სისხლძარღვების ფუნქციას, ამცირებს ანთებას და ადამიანს კიბოს გარკვეული ტიპებისა და ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური დაქვეითებისგან იცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაშლი, რომელიც ფლავონოიდებთან ერთად შეიცავს ორი ტიპის (ხსნად და უხსნად) ბოჭკოს, ვიტამინებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ღვიძლს ჟანგვითი სტრესისა და ქოლესტერინის დონის შემცირებაში ეხმარება.

ჟურნალი წერსდ, რომ, დამატებით, The American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გარკვეული მცენარეული დიეტები ღვიძლის დაავადებების განვითარების დაბალ რისკთან არის დაკავშირებული.

კვლევის თანაავტორმა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან – უილიამ ბელმა აღნიშნა, რომ მექანიკური კვლევები მიუთითებს დიეტური ფლავონოიდების დამცავ ეფექტზე ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) წინააღმდეგ (მეტაბოლურ დისფუქნციასთან დაკავშირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება (MASLD), როგორც მას ბოლო წლებში უწოდეს).

ვაშლში არსებული საკვები ნივთიერებების უმეტესობა კონცენტრირებულია მის კანში, ამიტომ კვების სპეციალისტები გვირჩევენ ხილი კანიანად მივირთვათ კარგად გარეცხვის შემდეგ. ღვიძლი ინახავს საკვებ ნივთიერებებს, გამოდევნის ტოქსინებს და ინარჩუნებს ენერგეტიკულ ბალანსს, ხოლო ვაშლის რეგულარული მიღება გვთავაზობს მარტივ და ხელმისაწვდომ გზას მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძვირად ღირებული დანამატების გარეშე.

ცნობისათვის: ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ორგანიზმში რამდენიმე სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: ის ფილტრავს სისხლს და გამოდევნის ტოქსინებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ინახავს ვიტამინებსა და მინერალებს, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში ნაღვლის წარმოქმნით და უზრუნველყოფს ენერგიის ბალანსის შენარჩუნებას.

ღვიძლის ჯანმრთელობას ყველაზე მეტად აზიანებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მაღალკალორიული და გადამუშავებული საკვები, შაქრისა და ტრანსცხიმების სიჭარბე, ასევე, ფიზიკური უმოქმედობა. ეს ფაქტორები გრძელვადიან პერიოდში ზრდის ღვიძლის გაცხიმოვნების (სტეატოზი), ანთებითი პროცესებისა და მეტაბოლური დარღვევების რისკს.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა