ადვოკატ დარია სამოდუროვას განცხადებით, რუსეთიდან დეპორტირებულ და საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, ,,დარიალის” სარდაფში მოთავსებულ უკრაინელების დაცვის უფლებას არ აძლევენ ბიუროკრატიული საკითხების გამო.
დავა ადვოკატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ეხება იმას, თუ რა საბუთია საჭირო საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებთან ადვოკატის შესაშვებად.
რა ხდება?
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ ,,დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ ,,ზემო ლარსს” შორის ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გასული წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ რუსეთი თავისი ქვეყნიდან დეპორტირებულ უკრაინელებს საქართველოს მხარეს უშვებს.
რუსეთიდან დეპორტირებული ათობით უკრაინელი (მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რუსული პასპორტის მიღებაზე უარს ამბობენ და ყოფილი პატიმრები) ტერმინალის სარდაფში იმყოფებიან.
მათი მთავარი მოთხოვნებია შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, საქართველოსგან სახელმწიფო თავშესაფრის უფლების მიღება ან უკრაინის რესპუბლიკისგან პასპორტების აღება მესამე ქვეყანაში ცხოვრებისთვის, თუ საქართველო უარს იტყვის მათთვის თავშესაფრის მიცემაზე.
უკრაინულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკებების გზით 40-მდე პირი უკრაინაში უკვე დაბრუნდა, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამთავრობო მედიებთან განაცხადა.
თუმცა იქ კიდევ რჩებიან ადამიანები და ამ ეტაპზე პროცესის მსვლელობის შესახებ შსს არაფერს ამბობს.
სამოდუროვას განცხადებით, ის 17 ადამიანს იცავს, რომლებიც იქ უკვე ერთი წელია იმყოფებიან.
ბიუროკრატიული ჩიხი თუ ადვოკატისთვის ხელის შეშლა
ადვოკატის თქმით, ორთვიანი მცდელობის მიუხედავად, მან შსს-გან ვერ მიიღო სპეციალური საშვი, რომლითაც ის ,,დარიალში” მყოფი უკრაინელების მონახულებას შეძლებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეობის არმქონე პირების ადვოკატს პროცედურაში ჩართვის უფლება შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე აქვთ. ვინაიდან დარია სამოდუროვას მსგავსი დოკუმენტი არ გააჩნდა, მის დაცვის ქვეშ მყოფებს სახელმწიფოსგან უფასო იურიდიული დახმარების მიღების გამოყენებაც შეეძლოთ, თუმცა კერძო ადვოკატის ყოლის გამო უარი განაცხადეს.
„ვინაიდან სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებს არ გააჩნდათ შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, მინდობილობის/რწმუნებულების გასაცემად, ვერ განხორციელდა სანოტარო წესით შედგენილი მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება “ – განუცხადეს ,,ნეტგაზეთს” შსს-ში.
„2 თვეა ვცდილობ მოვიპოვო სპეციალური საშვი, რათა საადვოკატო საქმიანობის შესრულების ფარგლებში მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც ერთწლიან უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის ნესტიან სარდაფში“, – ადვოკატი დარია სამოდუროვა.
ადვოკატის თქმით, საპატრულო პოლიციისგან განემარტა, რომ საშვის აღებას თავისი კლიენტებისაგან მხოლოდ ონლაინ, სანოტარო მინდობილობის გაკეთების შემთხვევაში შეძლებდა.
ანუ შსს ეუბნება ადვოკატს, რომ კლიენტებთან შესასვლელად სჭირდება ამავე კლიენტების მიერ გაკეთებული სანოტარო მინდობილობა (ონლაინ). ადვოკატი ამბობს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ამ ადამიანებს არ აქვთ პირადობის საბუთები (შესაბამისად, ვერც ონლაინ მინდობილობას გააკეთებენ).
პარალელურად, ადვოკატის თქმით, შსს-მ უკრაინელებს შესთავაზა სახელმწიფოს მიერ დანიშნული (სახაზინო) ადვოკატი, რომელსაც შესვლა ჩვეულებრივი „საადვოკატო ორდერით“ შეეძლო (ანუ მინდობილობას არ სთხოვდნენ). დარია სამოდუროვასთვის გაუგებარია: თუ სახელმწიფო ადვოკატს უშვებენ მხოლოდ ორდერით, რატომ არ უშვებენ კერძო ადვოკატს ზუსტად იმავე საბუთით?
“ამაზე პასუხი ვერ გამცეს“, – ამბობს ადვოკატი.
მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უხეშად ერევა საადვოკატო საქმიანობაში, ქმნის ხელოვნურ ბარიერებს და ხელს უშლის საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში.
ავტორი: სალომე ბუჟიაშვილი

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·