„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

59 minutes ago 1

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 15 აპრილიდან დაუსწრებლად დაიწყო და ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული.

„შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა“, – წერია განცხადებაში. 

შსს ამბობს, რომ გარდა ამისა, ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა