ნეაპოლის მახლობლად მდებარე ფლეგრეის ველებზე (Campi Flegrei) ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სეისმური აქტივობა კვლავ გრძელდება. იტალიის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათში სეისმოგრაფებმა დაახლოებით 60 ახალი ბიძგი დააფიქსირეს.
31 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:46 საათზე მომხდარი 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი ბიძგი გახდა.
31 ივლისიდან პირველი აგვისტოს ღამის განმავლობაში დაფიქსირებული მიწისძვრების უმეტესობა სუსტი იყო, თუმცა ყველაზე ძლიერი – 3.1 მაგნიტუდის – დღეს დილით, 05:47 საათზე მოხდა. ბიძგები მკაფიოდ იგრძნობოდა პოცუოლისა და ბაკოლის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ნეაპოლის რამდენიმე რაიონში.
მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათენა
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ პოცუოლისა და ნეაპოლის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებმა ასობით ადამიანმა ღამე სახლებში დარჩენა ვერ გაბედა. ბევრი საკუთარ ავტომობილში, ნათესავებთან ან მეგობრებთან დარჩა, ნეაპოლისა და პოცუოლის მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფრებიც გახსნეს.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა, 70 წლის ანტონიომ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს განუცხადა, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინის კარი გაიჭედა და ვეღარ გააღო.
„წლებია ბრადისეიზმთან ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მსგავსი რამ არ გვახსოვს. ამან დაგვაფიქრა, რამდენ ხანს გაუძლებს ჩვენი სახლები ასეთ დატვირთვას?“ – ამბობს ის.
„როიტერის“ ცნობით, მიწისძვრის კერა დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო, რაც ხსნის, თუ რატომ იგრძნო მოსახლეობამ ბიძგები ასე ძლიერად.
დაზიანებული შენობები და ევაკუაცია
იტალიის სახანძრო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. უსაფრთხოების მიზნით ნეაპოლში 22 ოჯახი (18 ოჯახი – ვია სანინოზე და 4 – ვია სან-ვიტალიანოზე) საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს.
ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციის დროს მაშველებმა დაზიანებული შენობიდან სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიყვანეს ლოგინად ჩავარდნილი 80 წლის მამაკაცი, რადგან კიბეები იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათი გამოყენება შეუძლებელი გახდა.
გრძელდება შენობების ტექნიკური შემოწმება და იმ ობიექტების დახურვა, რომლებიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„როიტერის ცნობით“, დროებით შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება; შეჩერდა ადგილობრივი მატარებლებისა და მეტროს მოძრაობა.
პოცუოლის პორტი დახურული რჩება
უსაფრთხოების მიზნით პოცუოლის პორტი ამ დრომდე დახურულია. სამხრეთ ტირენის ზღვის საპორტო ადმინისტრაცია ამზადებს განკარგულებას, რომლითაც კლდოვანი ფერდობების ქვემოთ მდებარე სანაპირო ზონებში გადაადგილება იკრძალება.
ბაკოლის მერი: არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობა ძალიან შეშინებულია
ბაკოლის მერის, ჯოზი ჯერარდო დელა რაჯონეს განცხადებით, მიწისძვრების შედეგად კლდოვანი ფერდობები და ზოგიერთი შენობის ფასადები ნაწილობრივ ჩამოიშალა.
მისივე თქმით, ჩატარებული შემოწმებების შედეგად საცხოვრებლად უვარგისი სახლები ჯერჯერობით არ გამოვლენილა და დაშავებულებიც არ არიან.
„მოსახლეობაში დიდი შიშია, მაგრამ მონიტორინგს ვაგრძელებთ როგორც სკოლებში, ისე სანაპირო ზოლზე. ფლეგრეის ველების მოსახლეობა მკაფიო პასუხებს ელოდება და ამ გამოწვევას ერთად უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მერმა.
რატომ იწვევს ეს მიწისძვრა განსაკუთრებულ შეშფოთებას?
სპეციალისტების შეფასებით, 4.7 მაგნიტუდის ბიძგი ფლეგრეის ველებზე ბოლო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. მსგავსი სეისმური კრიზისი რეგიონმა 1983–1984 წლებში გადაიტანა, როდესაც ბრადისეიზმს ათასობით მიწისძვრა ახლდა, შენობები დაზიანდა და ხელისუფლებამ პოცუოლიდან დაახლოებით 40 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი სეისმური აქტივობა მოსახლეობაში იმ პერიოდის მოგონებებს აღვიძებს, იტალიის ხელისუფლება და მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვულკანის გარდაუვალი ამოფრქვევის ნიშნები არ ფიქსირდება. თუმცა ფლეგრეის ველებზე მონიტორინგი მაქსიმალურად გაძლიერებულია, რადგან ეს ტერიტორია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანურ ზონად მიიჩნევა და ბოლო წლებში სეისმური აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა.
რა არის ბრადისეიზმი?
ფლეგრეის ველები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანური ზონაა. რეგიონში ხშირია ბრადისეიზმი – ბუნებრივი პროცესი, რომლის დროსაც მიწის ზედაპირი ვულკანური პროცესების გამო ნელ იწევს ზემოთ ან ქვემოთ. სწორედ ამ მოვლენას ხშირად ახლავს მიწისძვრების სერია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა.
ნინო ხოშტარია
რა არის ფლეგრეის ველები და რატომ უწოდებენ მას „სუპერვულკანს“? ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ჩვენი ვრცელი სტატია Nostal.ge-ზე:
ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·