„ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა, ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს დღე. მინდა ყველა ვეტერანს მივულოცო ეს დღე“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 80-ე წლისთავს აღნიშნავს.
გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე, შეწყდა ოფიციალურად. ამ დროს მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას გადმოსცა რადიომ თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.
რამდენიმე წელია, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოითხოვს, საქართველომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშნოს. ამის არგუმენტია ის, რომ ქვეყანამ არჩევანი გააკეთოს და ეს დღე დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს, რითაც იდეოლოგიურად გაემიჯნება საბჭოური, რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.