იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიაში დინოზავრების ათასობით უჩვეულო ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც კარგადაა შემონახული. ლომბარდიის ხელისუფლება ამ უნიკალურ აღმოჩენას უწოდებს „საჩუქარს წარსულიდან ოლიმპიადისთვის“.
მეცნიერების თქმით, ეს დინოზავრების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე მასშტაბური რაოდენობის ნაკვალევებია, რომელთა ასაკი 210 მლნ წლით ფასდება.
ეს ადგილი მოყვარულმა ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ აღმოაჩინა სტელვიოს ეროვნულ პარკში: მან შენიშნა, რომ მთის ვერტიკალური ფერდის გასწვრივ, ასობით მეტრის მანძილზე გადაჭიმული იყო უჩვეულო ნაკვალევები. ზოგიერთი მათგანის სიგანე 40 სანტიმეტრს აღწევს.
მეცნიერების წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ნაკვალევები პროზავროპოდებს – გრძელკისრიან, გრძელბრჭყალებიან ბალახისმჭამელ დინოზავრებს – ეკუთვნის. პალეონტოლოგებმა მათი 20 000-მდე ნაკვალევი დაითვალეს და აღნიშნეს, რომ ლომბარდიაში მსგავსი რამ აქამდე არასდროს უნახავთ. „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს საცხოვრებელ ადგილას ასეთ სანახაობრივ აღმოჩენას შევხვდებოდი, – თქვა მილანელმა პალეონტოლოგმა კრისტიანო დალ სასომ. – ეს ადგილი, პირდაპირი მნიშვნელობით, დინოზავრებით იყო სავსე და ეს მეცნიერებისთვის ძალიან ფასეული აღმოჩენაა“.
კვლევებით დადგინდა, რომ ფერდობი, სადაც ნაკვალევები იპოვეს, უძველეს დროში – დაახლოებით 250–201 მილიონი წლებს შორის – ვაკე იყო, რომელიც მოგვიანებით ალპების ნაწილი გახდა. ანალიზმა აჩვენა, რომ დინოზავრები ძირითადად ჯგუფებად მოძრაობდნენ, თუმცა ზოგჯერ წრეს ქმნიდნენ, სავარაუდოდ, თავდაცვის მიზნით.
ლომბარდია 2026 წლის თებერვალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, ამიტომ რეგიონის ხელისუფლებისთვის აღმოჩენა ორმაგად მნიშვნელოვანია. გუბერნატორ ატილიო ფონტანას განცხადებით: „2026 წლის თამაშების წინ ლომბარდია წარსულიდან უჩვეულო საჩუქარს იღებს – დინოზავრების ათასობით ნაკვალევს. ეს აღმოჩენა იდეალურად აკავშირებს რეგიონის უძველეს ისტორიასა და ოლიმპიური თამაშებით სიმბოლიზებულ მომავალს“.
აღმოჩენის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლება სპეციალურ ინიციატივებს გეგმავს ტურისტებისა და სპორტული ღონისძიებების სტუმრებისთვის. ნაკვალევებამდე, რომლებიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, ფეხით მისვლა შეუძლებელია, ამიტომ კვლევისთვის დრონები და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიები გამოიყენეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლომბარდიაში სხვა უძველესი ცხოველების კვალიც შეიძლება აღმოაჩინონ და ეს მხოლოდ დროის ამბავია.
ნინო ხოშტარია

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·