WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო/ლელო“ ერთადერთი საარჩევნო სუბიექტებია, რომლებიც 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ვაკანტური ადგილების შესავსებად მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ ამ ორმა სუბიექტმა შეიტანა განაცხადი და მათი რიგითი ნომრებია 41 და 9, შესაბამისად. მათ საკუთარი კანდიდატების წარსადგენად ვადა 3 სექტემბრამდე აქვთ. როგორც ჩანს, სხვა ოპოზიციური ძალები არჩევნებს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად კვლავ ბოიკოტს უცხადებენ.

შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, სადაც ამომრჩევლები ადგილობრივი საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ მას შემდეგ, რაც ოთხ წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

მედიის ინფორმაციით, წალკის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი რამაზ ხინიკაძე და დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ილია სარსევანიძე, შესაბამისად, აპრილსა და ივნისში გარდაიცვალნენ, ხოლო ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ადამ მოზაიძე მარტში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ვანის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ბექა ლაჭყეპიანის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი არ გახმაურებულა.

შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ხოლო დანარჩენ სამ უბანზე ამომრჩევლები ტრადიციული სისტემით მისცემენ ხმას.

This post is also available in: English