"უკრაინსკა პრავდა": ზალუჟნიმ ზელენსკის უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

1 hour ago 5

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აცნობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. ამის შესახებ იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, ივნისის შუა რიცხვებში ზელენსკიმ დახურული შეხვედრა გამართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთან, მის მოადგილე ოლეჰ ტატაროვთან, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასთან, თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საპრეზიდენტო არჩევნების 2026 წლის შემოდგომაზე ჩატარების შესაძლებლობა. შეხვედრის მიზეზი გახდა დახურული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ზელენსკის რეიტინგის კლება შეჩერდა და მისი მხარდაჭერა ოდნავ გაიზარდა. გამოცემის ცნობით, ამ გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 33% მზადაა, პირველ ტურში ხმა მისცეს ზელენსკის, 22% - ზალუჟნის, ხოლო 14% - ბუდანოვს.

თუმცა, კვლევის თანახმად, ზელენსკი მეორე ტურში ზალუჟნის ჩამორჩება 32%-ით 37%-ის წინააღმდეგ.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ზელენსკიმ ზალუჟნი, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩია დიდ ბრიტანეთში, კიევში დაიბარა, რათა გაერკვია პოტენციური მეტოქის განზრახვები.

შეხვედრის ოფიციალური მიზეზი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის შესაძლო გადადგომისთვის მზადება იყო. თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ზალუჟნის ჰკითხა, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის შემოდგომაზე ჩატარდება. პასუხად, „უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ცნობით, ზალუჟნიმ უპასუხა: „დიახ. მივიღებ მონაწილეობას“.

სრულად წაკითხვა