მინდია შერვაშიძე ციხესთან დააჯარიმეს

2 hours ago 6

სამოქალაქო აქტივისტი მინდია შერვაშიძე, რომელიც გასული წლის აგვისტოში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო გაასამართლეს, გათავისუფდლებიდან რამდენიმე წუთში, „გლდანის ციხესთან“ დააჯარიმეს. მან გათავისუფლების შემდეგ თანამესაკნეებს - რეზო კიკნაძესა და ირაკლი ნადირაძეს დაუძახა.

500-ლარიანი საჯარიმო ქვითარი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გამოწერეს. მათი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულია პატიმრებთან ციხის გარე ტერიტორიიდან კომუნიკაცია.

33 წლის მინდია შერვაშიძე და 37 წლის თორნიკე თოშხუა 2026 წლის 1 აპრილს გაასამართლეს, მათ 1 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ვადი ათვლა დაიწყო მათი დაკავების მომენტიდან, გასული წლის 16 აგვისტოდან.

დღეს, 1 ივლისს მინდია შერვაშიძის გათავისუფლებამდე საპატიმრო დატოვა თორნიკე თოშხუამ. როგორც მათმა ადვოკატმა მედიას უთხრა, სააპელაციო სასამართლომ მათთვის შეფარდებული სასჯელი შეამცირა.

რას ედავებოდნენ აქტივისტებს

რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს პროკურატურა ედავებოდა ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.

37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, რუსთაველის გამზირზე 2025 წლის 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან/და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია.

ეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყვნენ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძის დაკითხვამ კი ტკივილის განცდის გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ვინ იყო ბექა გოცირიძე?


ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე მომხდარის დროს იყო საჯარო მოხელე და „თბილსერვისის“ თანამშრომელი. ის ღიად უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“. შარშან 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზეც თქვა, რუსთაველის აქციის მონაწილეები „უსამშობლოები“ და „აკაცუკები“ არიანო. იმავეს ამბობდა ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოებში.

2025 წლის 31 ივლისს ღამით, ინციდენტის დღეს კი მთაწმინდაზე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებიდან ბრუნდებოდა.

ბექა გოცირიძემ სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ ნანობს 2025 წლის 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე გავლას, ვერ გაუგია, რატომ მოჰყვა „ამხელა ამბავი“ მომხდარს და რატომ არ შეიძლებოდა ბრალდებულები უბრალოდ გირაოთი გაეშვათ სახლში.

ბექა გოცირიძე 2026 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა.

აქტივისტების თქმით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მომხდარს შეესწრნენ, ბექა გოცირიძე, რომელიც იქამდე პირადი მიმოწერის დროსა და ფეისბუკლაივებში ემუქრებოდა ხოლმე აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე პროვოკაციისთვის მივიდა და იქ მყოფებს მიაყენა შეურაცხყოფა. ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თვითმხილველი დემონსტრანტები იმასაც ამბობდნენ, რომ დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.

„თუმცა რატომღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საქმეში ეს დანა არ ფიგურირებდა იქამდე, სანამ თორნიკე თოშხუამ შიმშილობა არ დაიწყო, ყველა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, ყველა დემონსტრანტმა სოციალურ ქსელში არ დაწერეს, გამოძიება კითხვასაც არ სვამდა“, - იხსენებდა ადვოკატი დავით კუპრავა.

სრულად წაკითხვა