ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე

1 hour ago 2

დღეიდან, წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ირლანდია იქნება.

ირლანდია კვიპროსისგან ჩაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა და წარადგინა 65-გვერდიანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია 3 ძირითად თემაზე:

  • კონკურენტუნარიანობა
  • ღირებულებები
  • უსაფრთხოება

„ეს სამი საყრდენი იქნება ირლანდიის თავმჯდომარეობის ცენტრალური თემები. ისინი ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთს აძლიერებს. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ თითოეული ამ საყრდენის თემებზე, ისევე როგორც პრიორიტეტებზე, რომლებიც მოიცავს სამივეს, მათ შორის უკრაინის მუდმივ მხარდაჭერასა და ჩვენს გლობალურ ჩართულობას. გაურკვევლობის პერიოდში ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებასა და სტაბილიზაციაზე მეზობლებთან და ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-სთან“, — განაცხადა ირლანდიამ.

კვიპროსის მსგავსად, ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდშიც, უმთავრესი საკითხი იქნება შეთანხმება ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტზე — ახალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე (MFF).

სანქციების 21-ე პაკეტი

ირლანდიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის დროული შეთანხმება იქნება. ევროკომისიამ ახალი პაკეტი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში წარადგინა, თუმცა წევრი ქვეყნების თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუბენ რადევმა განაცხადა, რომ სოფია ვეტოს დაადებდა 21-ე სანქციების პაკეტს, თუ ის რუსეთის პატრიარქ კირილის დასანქცირებას მოიცავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი რისკი ემუზქრება „ლუკოილის“ ფუნქციონირებას, რომელიც ბულგარეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს და მიუთითა სოფიის მეტროს სათადარიგო ნაწილებით და სასუქებით მომარაგების პოტენციურ შეფერხებაზეც.

დღეს, ევროკავშირის ელჩებმა სანქციების 21-ე პაკეტი „განახლებული ტექსტების საფუძველზე“ განიხილეს. ირლანდიამ განაცხადა, რომ მისი მიზანია, შეთანხმება 13 ივლისის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომამდე შედგეს.

„წევრ სახელმწიფოებს შორის კვლავაც არსებობს განსხვავებული პოზიციები. თავმჯდომარე ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS), რათა 8 ივლისს, ოთხშაბათს, COREPER-ს განსახილველად წარუდგინოს ტექსტების ახალი, გადამუშავებული ვერსიები“, — განაცხადა ირლანდიის თავმჯდომარეობამ.

ევროკავშირის გაფართოება

ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში, დისკუსიები გაგრძელდება ევროკავშირის გაფართოების შესახებაც. ევროპული საბჭო გაფართოებასა და რეფორმებზე სტრატეგიულ განხილვას სწორედ 2026 წლის ოქტომბრის სამიტზე გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, გაიხსნება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებების მორიგი კლასტერები უკრაინასთან და მოლდოვასთან. როგორც კიევს და კიშიონოვს, ისე ევროკომისიას ყველა კლასტერის გახსნის მზაობა აქვთ. თუმცა ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნა კვიპროსის თავმჯდომარეობის პერიოდში. მადიარის მთავრობამ, მართალია, უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნაზე ვეტო მოხსნა, თუმცა შემდგომი კლასტერების სწრაფად გახსნას ეწინააღმდეგება.

ევროკავშირის გაფართოების დღის წესრიგთან დაკავშირებით, ირლანდიის თავმჯდომარეობის გაცხადებული მიზანია, „ნიადაგი მოამზადოს ახალი ქვეყნების პირველი გაწევრიანებისთვის 2013 წლის შემდეგ“. ეს ეხება მონტენეგროს, რომელიც გაფართოების ქვეყნებს შორის მოწინავეა.

„ვფიქრობ, შესაძლებელია მონტენეგროსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება ირლანდიის თავმჯდომარეობის დასრულებამდე. არანაირი ზეწოლა!“ — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კოშტამ დუბლინში, ირლანდიის თავმჯდომარეობის გახსნაზე.

ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

„ევროკავშირის გაფართოების პროცესს ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩვენი ღირებულებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას და როგორც ინვესტიციას მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მთელ ევროპაში. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის მოქალაქეობის უპირატესობებით, ხოლო თავად ევროკავშირი გაძლიერდება იმ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული წვლილით, რომელსაც ახალი წევრი სახელმწიფოები შეიტანენ.

ირლანდიის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ყველა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანასთან, რათა მხარი დაუჭიროს მათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად, თუმცა პრიორიტეტს მიანიჭებს მონტენეგროსთან მოლაპარაკებების დასრულებას და გაწევრიანების ხელშეკრულების პროექტის მომზადებას.

„ჩვენი მიზანია, სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ უკრაინასთან, მოლდოვასა და ალბანეთთან მიმდინარე გაწევრიანების მოლაპარაკებებში… ჩვენ ვიმუშავებთ გაფართოების უპირატესობების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებაზე როგორც კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებში, ისე ევროკავშირის შიგნით, დეზინფორმაციისა და მავნე გარე გავლენების საპირწონედ, რომლებიც მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს დესტაბილიზაციას“, — ნათქვამია პროგრამაში.“, — წერია პროგრამაში.

ცალკე საქართველო, მათ შორის გაფართოების კონტექსტში, ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში ნახსენები არაა, ისევე როგორც ტრიოს (ირლანდია, ლიეტუვა, საბერძნეთი) პროგრამაში, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლება. 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულებით შეიქმნა ე.წ. „ტრიოს“ სისტემა, რომლის ფარგლებშიც სამი თანმიმდევრული თავმჯდომარე ქვეყანა ერთობლივად მუშაობს საერთო 18-თვიანი პროგრამის საფუძველზე. ამგვარი მოდელი უზრუნველყოფს ევროკავშირის საქმიანობის უფრო გრძელვადიან დაგეგმვასა და უწყვეტობას.

სრულად წაკითხვა