უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია – რუსეთის ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლების მესამედზე მეტი განადგურებულია (ვიდეო)

2 months ago 20

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 7 მლრდ აშშ დოლარად აფასებს პირველ ივნისს მტრის სტრატეგიული ავიაციის უკრაინული დრონებით დაზიანებას რუსეთის აეროდრომებზე.

„7 მლრდ აშშ დოლარი – ასეთია დაახლოებით საორიენტაციო ღირებულება მტრის სტრატეგიული ავიაციისა, რომელიც განადგურდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირველ ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია „ობობას ქსელის“ შედეგად.

დაზიანებულია 34% ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლებისა ბაზირების ძირითად აეროდრომებზე რუსეთის ფედერაციაში.

1-ელ ივნისს რუსეთში მასობრივად იწვოდა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით შეუტია რუსეთის აეროდრომებს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ 40 თვითმფრინავი განადგურდა.

მოგვიანებით, რუსულმა მედიამ და რუსმა პროპაგანდისტებმა დაწერეს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ბენზინგასამართ სადგურებზე გაჩერებული სატვირთო მანქანებიდან აფრინდნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე სტრატეგიულ ავიაციაზე თავდასხმისთვის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაცია „ობობას ქსელი“, რომლის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურმა რუსული სტრატეგიული ავიაციის 41თვითმფრინავი გაანადგურა, წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა ხუთ რეგიონში სამხედრო აეროდრომებზე უპილოტო საფრენი აპარატების – FPV-დრონების გამოყენებით და თავდასხმაში „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს შეერთებული შტატებისთვის არ უცნობებია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი ათობით რუსული თვითმფრინავის განადგურების ოპერაციის შესახებ.

კადრებში, რომლებიც უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, ჩანს, როგორ ფეთქდება რუსულ სამხედრო ბაზებზე ერთმანეთის მიყოლებით თვითმფრინავები.

უკრაინელებმა, აგრეთვე, ააფეთქეს 2 ხიდი რუსეთში, კურსკსა და ბრიანსკში. დაღუპულა, სულ ცოტა, 7 ადამიანი. რუსული სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიანსკში აფეთქებული ხიდი სპეციალისტებმა ასაფეთქებლების გამოყენებით  მთლიანად დაანგრიეს, რადგან აღდგენას არ ექვემდებარებოდა.

ბრიანსკში ხიდის აფეთქებისას, როგორც ჩანს, მის ქვეშ სამგზავრო მატარებელი მიდიოდა, რომელიც გადაბრუნდა. დაიღუპა, სულ ცოტა, 7 ადამიანი, 70-მდე კი დაშავდა.

2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გაიმართება. პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა და მას ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება მოჰყვა ფორმატით 1000 – 1000-ზე.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, 2 ივნისს მოლაპარაკება 13:00 სთ-ზე დაიწყება სტამბოლის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს „ჩირაგანის“ სასახლეში.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა