უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

1 day ago 15

უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რაკეტებით და დრონებით რუსეთის მორიგ შეტევას.

რუსეთის ჯარების სამიზნე იყო დედაქალაქი კიევიც. უკრაინაზე მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 30 ივლისს დილის რვა საათისთვის დადასტურებულია, რომ ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივიო-როგის რაიონის დაბა რადუშნეში, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად სრულად დანგრეულია ორი კერძო სახლი და კიდევ ხუთი დაზიანებულია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 30 ივლისს რუსეთის სარაკეტო დარტყმამ კერძო სახლი გაანადგურა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 30 ივლისს რუსეთის სარაკეტო დარტყმამ კერძო სახლი გაანადგურა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონში

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უკრაინის დედაქალაქ კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ქალაქის ორ რაიონში ხანძრები გაჩნდა ბაზრის სავაჭრო პავილიონებსა და ხუთსართულიან არასაცხოვრებელ შენობაში.

კიევის ოლქის ბროვარის რაიონში დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ნაწილობრივ დანგრეულია ორსართულიანი სახლი. კიდევ ორი დაზიანებულია.

ერთი ადამიანი დაიღუპა პოლტავის რაიონში, სადაც ხანძარი გაჩნდა საწყობებში. რა საწყობებია ეს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ დაუკონკრეტებია.

სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ ლვოვზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 26 ადამიანი. ლვოვის მერის, ანდრი სადოვის ცნობით, ნაწილობრივ დანგრეულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.

  • 29 ივლისს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთისგან მორიგი მასირებული დარტყმაა მოსალოდნელი და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს და თავშესაფრებში გადავიდნენ.
  • რუსეთის მასირებულ შეტევას წინ უძღოდა უკრაინული დრონებით მორიგი შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რიაზანის და პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
სრულად წაკითხვა