ნატა ვიბლიანთან დაკავშირებით, რომელიც ჰყვება შემზარავ ისტორიას მასზე რამდენიმეწლიანი ძალადობის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში, „ქალთა მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სრულ სოლიდარობას უცხადებს მას და გამოძიებას ითხოვს.
„ქალთა მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ნატა ვიბლიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.
ბავშვზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, ყველაზე დაფარული დანაშაულია. საქართველოში დღემდე უცნობია მისი რეალური მასშტაბი, რადგან სახელმწიფოს არ შეუქმნია პრევენციის, გამოვლენისა და გადარჩენილთა მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა. მეტიც, ბოლო წლებში თანმიმდევრულად იზღუდება იმ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და რესურსები, რომლებიც ბავშვთა და ქალთა უფლებებს იცავენ და ძალადობაგამოვლილ ადამიანებს დახმარებას უწევენ. ეს გარემო ხმის ამოღებას კიდევ უფრო ართულებს.
ნატას მონათხრობი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: დუმილი არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ მომხდარა. დუმილი ხშირად ტრავმის, შიშის, სირცხვილის თავსმოხვევის, საზოგადოებრივი ზეწოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის შედეგია. სწორედ ამიტომ, თითოეულ ხმას, რომელიც დუმილს არღვევს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება;
- გამოიკვლიონ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული ყველა გარემოება და ფაქტი;
- გამოძიების ყველა ეტაპზე დაიცვან დაზარალებულზე ორიენტირებული და ტრავმაზე მგრძნობიარე მიდგომა — მათ შორის, თავიდან აიცილონ ხელახალი ტრავმირება განმეორებითი დაკითხვებითა და არასაჭირო პროცედურებით;
- მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ნატა ვიბლიანის უსაფრთხოების, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად;
- დროულად და სრულად მიაწოდონ დაზარალებულ მხარეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
მოვუწოდებთ მედიას, გააშუქოს ეს საქმე ეთიკური სტანდარტების დაცვით — სენსაციურობის, ტრავმული დეტალების ტირაჟირებისა და დაზარალებულის ხელახალი ტრავმირების გარეშე.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, გვერდით დაუდგეს ნატას და არ გახდეს მისი დადანაშაულების, დისკრედიტაციისა თუ გაჩუმების მცდელობების ნაწილი. მსხვერპლის დადანაშაულება სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ძალადობას წლების განმავლობაში უხილავად ტოვებს.
ქალთა მოძრაობა ნატა ვიბლიანისა და ყველა ძალადობაგამოვლილი ქალისა და ბავშვის გვერდით დგას. გვჯერა, რომ ნატას გამბედაობა ბევრ ადამიანს მისცემს ძალას, დაარღვიოს დუმილი, დაიბრუნოს საკუთარი ხმა და მოითხოვოს სამართლიანობა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ნატა ვიბლიანმა თავის ისტორიაზე საუბარი თვეებია, დაიწყო. თუმცა ფართო საზოგადოებამდე მისი ამბავი 12 ივლისს მივიდა, როცა მან ვრცლად და დეტალურად ისაუბრა თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.
რას ჰყვება ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანი 7 წლის იყო, როცა მამა დაიღუპა, მისთვის საეჭვო გარემოებებში და მის ხელში. აქედან და განსაკუთრებით წლისთავიდან დაიწყო, როგორც თავად ამბობს, მისი ჯოჯოხეთი.
ნატა, რომელიც ახლა 43 წლისაა, იხსენებს, რომ სულ 9 წლის იყო, როცა კარის მეზობელმა, დაახლოებით მისი მშობლების ტოლმა კაცმა გააუპატიურა. აქედან რამდენიმე წლის განმავლობაში ის სისტემატურად იყო ძალადობის მსხვერპლი ამ მამაკაცისგან და გაუპატიურებაში მის გარდა და მისი ხელშეწყობით, კიდევ 3 მამაკაცს ადებს ხელს.
ნატა ვიბლიანს ზუსტი თარიღების დასახელება უჭირს, თუმცა დაახლოებით 14 წლის უნდა ყოფილიყო და სადღაც 1997 წელი იქნებოდა, როცა ამბობს, რომ დაორსულდა და ბავშვი ნაადრევად გააჩენინეს. მანამდე კი სხვადასხვა ნახარშით ცდილობდნენ მისთვის მუცელი მოეშლევინებინათ, რამაც ძალიან ცუდად გახადა. ამბობს, რომ ბავშვზე უთხრეს, რომ დაიღუპა, თუმცა მის შესახებ არაფერი იცის და მასზე სექსუალური ძალადობა მშობიარობის შემდეგაც გაგრძელდა.
გარდა სექსუალური და ფიზიკური ძალადობისა, ქალი ჰყვება ოჯახის გაძევების, ქონების დათმობინების შესახებ. ასევე ამბობს, რომ მისმა სოფელმა, დედის მხარემაც ყველაფერი იცოდა და მოზარდი გოგონა დაცინვის, დამცირების, სიძულვილის ობიექტი იყო.
დღეს ნატა ვიბლიანი ემიგრაციაში ცხოვრობს, ნათესავებთან კონტაქტი გაწყვეტილი აქვს და ამბობს, რომ თავს არც უცხოეთში გრძნობს უსაფრთხოდ.
ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·