„ოცნება“ „იდეოლოგიურ თანხვედრად“ წარმოაჩენს ბოჭორიშვილის მონაწილეობას ვაშინგტონის მინისტერიალში „ტერორიზმის წინააღმდეგ“

2 hours ago 3

„ქართული ოცნება“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში, რომელიც „პოლიტიკური ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან „იდეოლოგიურ თანხვედრად“ წარმოაჩენს.

„საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიტიკური ტერორიზმზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „პოლიტიკური ტერორის აქტში“ დაადანაშაული იმის გამო, რომ საელჩომ „დემოკრატიისთვის შავი დღე“ უწოდა „აგენტების კანონის“ მიღებას.

ბოჭორიშვილი ვაშინგტონში

საგარეო უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა 16 ივლისს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ეს არის მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ - რომელიც, როიტერსის ცნობით, ემსახურება აშშ-ის მიერ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას „მემარცხენე მოძრაობების წინააღმდეგ“, რომლებსაც, ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ.

ღონისძიებაზე 60-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი, - ზოგიერთი მათგანი საგარეო საქმეთა ან შინაგან საქმეთა მინისტრების, ზოგი კი შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირების დონეზე.

„აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„იდეოლოგიური თანხვედრა“

„ვაშინგტონის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიწვევა ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის იდეოლოგიური თანხვედრაა რადიკალური მემარცხენეების დაგმობაში და სურვილი ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, - დაწერა ფეისბუკზე გია აბაშიძემ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ექსპერტმა.

მოგვიანებით ეს რიტორიკა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებშიც აისახა.

საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა: „ეს მინისტერიალი მიზნად ისახავად ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას... მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე“.

„საქართველოს მაგალითი საუკეთესოა“

16 ივლისსვე „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიტიკური ტერორიზმზე“.

მან ამის მაგალითად „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი 9-წლიანი პერიოდი დაასახელა, რაც მორიგ ჯერზე დაუკავშირა „აგენტურას“:

„ჯერ გავიხსენებ 2004-12 წლის მოვლენებს, როდესაც პოლიტიკური ტერორის ქვეშ იყო ქართველი ხალხი და ამას აკეთებდა სწორედ გარედან მართული აგენტურა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მაშინ ჩვენს ქვეყანაში და იმის შემდეგაც“.

მისი თქმით, საქართველო „2020 წლის ბოლოდან მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის“ და გაიმეორა, რომ „რევოლუციის ხუთი მცდელობა“ იყო:

„რევოლუციის მარტო ხუთი მცდელობა გამოვიარეთ. ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ტერორი?.. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც კი ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ“.

მათ ამ ინტერვიუში არაერთხელ გაიმეორა, რომ „აგენტურა“ ვერ იქნება პოლიტიკური სპექტრის ნაწილი და ამიტომ ხელისუფლების სურვილია, 2028 წლის არჩევნებს, საკონსტიტუციო სარჩელის გათვალისწინებით, „პოლიტიკური სპექტი აგენტურის გარეშე“ შეხვდეს.

„პოლიტიკური ტერორი ელჩისგან“

კობახიძის განცხადებითვე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა „ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად“, - რის მაგალითადაც დაასახელა „გამჭვირვალობის კანონი“, - „აგენტების კანონი“, რომელიც პირველად 2023 წელს მიიღეს, პროტესტის შემდეგ გაიწვიეს, თუმცა მომდევნო წლიდან სხვა სახელით მიიღეს და მრავალი შემზღუდავი კანონმდებლობა მოაყოლეს.

„ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

„და თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი [კელი დეგნანი] და განაცხადა. რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“.

„ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო. ის განცხადება რომელიც გააკეთა მაშინდელმა ამერიკის ელჩმა კელი დეგრანმა, ესეც იყო პოლიტიკური ტერორის აქტი. მან სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

შემდეგ განაცხადა, რომ „პოლიტიკური ტერორის“ ერთ-ერთი მაგალითი იყო ალეკო ელისაშვილის შემთხვევაც: „პირდაპირ ტერორისტული აქტი მოაწყო“, - თქვა მან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი 2026 წლის 10 ივლის დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სრულად წაკითხვა