დაპატიმრებული წარუკიანის „არარატის ცემენტის“ მართვა სოხმეთის მთავრობამ გადაიბარა

2 hours ago 2

სომხეთის მთავრობამ გადაიბარა დაპატიმრებული ოპოზიციონერი ბიზნესმენის, გაგიკ წარუკიანის „არარატის ცემენტის ქარხნის“ მენეჯმენტი.

გენერალური პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ცნობის თანახმად, ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილება „უკანონო წარმოშობის ქონების კონფისკაციის ღონისძიებების ფარგლებში“ მიიღო.

„არარატის ცემენტის“ შესაძლო ნაციონალიზაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ერთ-ერთი „დაპირება“ იყო წინასაარჩევნო პერიოდში.

როდესაც გაგიკ წარუკიანი საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებდა, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აცხადებდა, რომ წარუკიანს დააპატიმრებდნენ და ქონებას, მათ შორის არარატის ცემენტის ქარხანას, სახელმწიფო გადაიბარებდა.

„ძალიან მალე „აყვავებული სომხეთის“ პარტიის ლიდერის ბიზნეს-ხერხემალი, არარატის ცემენტის ქარხანა, სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში გადავა“, - განაცხადა ფაშინიანმა 20 მაისს.

გაგიკ წარუკიანი 7 ივლისიდან დაპატიმრებულია, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მსხვილი კომპანიები დალუქულია, ათასობით თანამშრომელი 11 დღეა უმუშევარია, ბევრი კი აცხადებს, რომ ხელფასებიც კი არ აუღიათ. მათი ნაწილი აქციებს მართავს და სამუშაოების განახლებას მოითხოვს.

არჩევნებამდე გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანიის პრივატიზაციის პროცესში დარღვევები აღმოაჩინეს;

პროკურატურამ მთავრობას შესთავაზა, დარღვევების შედეგების აღმოსაფხვრელად დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საკითხი განეხილა.

წერილიდან დაახლოებით 2,5 თვის შემდეგ, 16 ივლისს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა გადაწყვიტა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება და „არარატის ცემენტის ქარხნის სომხეთის რესპუბლიკის მართვასა და მოვლა-პატრონობას გადაეცა“.

ჯერ გაურკვეველია, როდის დანიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება ამ კომპანიის დროებით მმართველს და ვინ იქნება იგი.

„კანონსა და უფლებებზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია“, - ამბობს წარუკიანის ადვოკატი იერემ სარქისიანი, რომელიც გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს.

  • სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, წარუკიანის წინააღმდეგ, ჯამში, 10-ზე მეტი სისხლის სასამართლოს საქმეა აღძრული.
  • ქრისტეს გიგანტური ქანდაკების აშენების ინიციატორი ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთსა და ბელარუსთან საგანგებო კავშირებით იცნობენ, გიგანტური ნოეს კიდობნის აგებასაც გეგმავდა.
  • მისი პარტია - „აყვავებული სომხეთი“ - 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ადგილზე გავიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა - 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
სრულად წაკითხვა