“უდიდესი თხოვნა გვაქვს, ამოიღოთ საქართველო ამ რეგულაციიდან და ნუ შევუწყობთ ხელს მოსკოვ-პეკინ-თეირანის ანტიამერიკულ პროპაგანდას საქართველოში” – შალვა ნათელაშვილი მარკო რუბიოს მიმართავს

1 hour ago 2

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
მიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს,
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწეს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიოს
ასლი: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ყველა წევრს

ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენდამი.

პრორუსულ დიქტატურასთან წლების მანძილზე ბარიკადებზე მდგომმა ქართველმა ხალხმა გაოცებით შეიტყო, რომ ჩვენი ქვეყანა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ამერიკაში სამოგზაუროდ მოეთხოვებათ წინასწარი, 15 000 დოლარამდე ფულადი გირაო. ეს მაშინ, როცა აღნიშნულ სიაში არა მარტო იმავე პოსტსაბჭოთა სივრცის, შუა აზიის და სხვა დემოკრატიის არმსურველი ქვეყნები, არამედ რუსეთის ფედერაციაც კი არაა შეყვანილი. ეს უდიდესი მხარდაჭერაა ოლიგარქ ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმისათვის, რომელიც 14 წელია ქართველ ხალხს უმტკიცებს, რომ ამერიკა ჩვენი მეგობარი არაა და რომ აგერ, ჩინეთმა და რუსეთმა უვიზო რეჟიმი მოგვანიჭეს და ისინია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები.

ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდა მეგობარი აქტის მიღებას, რომელშიც ჩვენ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმიც კი იყო გათვალისწინებული. ამ რეგულაციამ კიდევ უფრო გააძლიერა რეჟიმის ანტიამერიკული არგუმენტაცია — პროპაგანდა, რის წინააღმდეგ ბრძოლაც უკვე ძალიან გვიჭირს.

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოსახლეობა ორ მილიონიც აღარ დარჩა, ვინც წამსვლელი იყო, დიდი ხანია, წავიდა ემიგრაციაში. აქ არსებული ამერიკის საკონსულო ისედაც ძალიან მკაცრად გასცემდა ამერიკის ვიზებს, რაც ყოველთვის იყო ხალხში უკმაყოფილების მიზეზი, ამ გადაწყვეტილებამ კი, ხელი შეუწყო არა მხოლოდ ადგილობრივი დიქტატურის, არამედ ირანის, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს.

ამ დროს, ჩვენ ველოდით, რომ ამერიკის მთავრობა სავიზო სანქციებს დაუწესებდა რეჟიმის პარლამენტის და მთავრობის წევრებს, როგორც ეს გააკეთა ევროკავშირმა. ეს მოცემულობა კი, ფაქტობრივად გამოვიდა ხალხზე სავიზო-ფინანსური სანქციის დაწესება.

ჩვენ ველოდით, რომ ამერიკიდან გამოაძევებდით რეჟიმის ლიდერთა ამერიკაში მყოფ ოჯახის წევრებსაც, რომელთა მრავალრიცხოვანი სია შეგვიძლია წარმოგიდგინოთ, თუმცა ეს ინფორმაცია დეტალურად აქვს ამერიკის საელჩოს საქართველოში. უდიდესი თხოვნა გვაქვს, ამოიღოთ საქართველო ამ რეგულაციიდან და ნუ შევუწყობთ ხელს მოსკოვ-პეკინ-თეირანის ანტიამერიკულ პროპაგანდას საქართველოში.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი

სრულად წაკითხვა