“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა მირცხულავა

2 hours ago 1

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

გაჭირვების ტკივილის გაზიარება? ჰო, კარგი რამეა. მაგრამ განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებად მაინც არ მიმაჩნია. ემპათიას ცხოველებიც ავლენენ.

აი, სხვისი სიხარულის გაზიარება კი ნამდვილად ის არის, რაც ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს.

ის, რაც შენთვის უმნიშვნელოა, სხვისთვის შეიძლება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყოს. ის წარმატება, რომელიც შენთვის ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცისთვის წლების შრომის, მარცხის, იმედგაცრუებისა და ბრძოლის შედეგია. რატომ ვერ უნდა შეძლო ამის გააზრება? მხოლოდ იმიტომ, რომ მედიდური ხარ? თუ იმიტომ, რომ შურიანი?

ვაკვირდები ხოლმე… ვიღაცას შვილი შეეძინა. ხუთი ათასამდე მეგობარი ჰყავს, ათი ათასამდე გამომწერი. ახალი სიცოცხლე დაიბადა და პოსტს ხუთასი მოწონებაც კი არ აქვს. მესმის, ყველას შეიძლება არ გამოუჩნდეს, მაგრამ ასე ცოტას?

ვიღაც წერს, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ასი მოწონებაც ძლივს უგროვდება.

სამაგიეროდ, ვიღაცის სრულიად უაზრო გრიმასა თუ გამოს*რებულ ფეისს სამი ათასი მოწონება აქვს. მართლა არ გრცხვენიათ?

გაბოროტება მხოლოდ სხვისი ლანძღვა არ არის. გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა.

ასე როგორ გამოგიკეტათ ეგომ ადამიანი, რომ სხვისი, თუნდაც უმცირესი სიხარულიც აღარ გახარებთ?

წელიწადში ერთხელ აქვს ადამიანს დაბადების დღე. მართლა გაცვდებით, მეგობარს რომ მიულოცოთ?

ხუთ წუთს დაკარგავთ? იმ დღეს ვერ მოასწარით? სამი დღის შემდეგაც შეგიძლიათ – ეს პლატფორმა ამის საშუალებას გაძლევთ. აქ მაინც ვერ იტყვით – არ მიგდებს, არ მიჩვენებს…

და ბოლოს…

ყველას დედაც ვატირე, ვისაც სხვისი, თუნდაც უმცირესი სიხარული არ უხარია“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა