„მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია შეთანხმებას ჰამასისა და ღაზის სექტორში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ. ეს 30 ივლისს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა.
ჰამასმა შეთანხმების მიღწევა დაადასტურა. ისრაელს ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა ღაზის სექტორში კონფლიქტის დასასრულებლად აშშ-ის მიერ მომზადებული გეგმის მეორე ეტაპის რეალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ შუამავალი ეგვიპტის, კატარის და თურქეთის და ჰამასის წარმომადგენლები.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს ჰამასის განიარაღების შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას და სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების განთავსებას. მან პალესტინელთა ახალ პოლიციასთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს ღაზის სექტორის მცხოვრებთა უსაფრთხოება.
აშშ-ის პრეზიდენტმა კაიროში მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს, კატარს და თურქეთს.
ტრამპის შეფასებით, შეთანხმებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ღაზის სექტორის მართვა დაიწყოს პალესტინელთა ახალმა მთავრობამ, რომელიც „მშვიდობის საბჭოსთან“ ითანამშრომლებს პალესტინელი ხალხის დასახმარებლად.
ჰამასი და ისრაელი
ჰამასის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას დასთანხმდნენ. ამასთან, მოლაპარაკების მონაწილემ, ჰამასის წარმომადგენელმა ღაზი ჰამადმა Al Jazeera-ს უთხრა, განიარაღება არ დაიწყება, სანამ ისრაელი ღაზის სექტორს არ დატოვებს.
ისრაელის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს ჯერ კიდევ ტრამპის საჯარო განცხადებამდე უთხრა, რომ ისრაელი შეთანხმებას არ გაიზიარებს.
გამოცემა Times of Israel-ი წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ეგვიპტეში შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამდე, 30 ივლისს გაავრცელა პრესრელიზი, რომ ჰამასის განიარაღების წინადადება არ შეესაბამება ისრაელის მოთხოვნას ღაზის სექტორის სრული დემილიტარიზაციის შესახებ, კონფლიქტის ზონიდან ისრაელის ძალების გაყვანის სანაცვლოდ.
- ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
„მშვიდობის საბჭო“
„მშვიდობის საბჭო“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციტივით შეიქმნა და მას თავად ხელმძღვანელობს.
ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა 19 თებერვალს ვაშინგტონში უმასპინძლა, 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

17 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·