ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება დაუყოვნებლივ. ...დაიწყოს პროცესი!

6 hours ago 3

„ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ომის დასრულების მისაღწევად", - ასე აჯამებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს.

ტრამპის სიტყვებით, მოლაპარაკებების პირობები "ორ მხარეს შორის შეთანხმდება, სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ვინაიდან მათ იციან მოლაპარაკებების ის დეტალები, რომლებიც სხვას ვერავის ეცოდინება".

აშშ-ის პრეზიდენტი "ბრწყინვალეს" უწოდებს საუბრის ტონსა და სულისკვეთებას - "ასე რომ არ ყოფილიყო, ამის შესახებ ახლავე ვამჯობინებდი თქმას".

ამის შემდეგ დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ "რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აშშ-სთან, როცა ეს კატასტროფული „სისხლის მდინარე“ დასრულდება და მე თანახმა ვარ". გარდა ამისა წერს: "რუსეთისთვის არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა მასობრივად შექმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ისევე როგორც უკრაინას შეუძლია იყოს ვაჭრობის სიკეთეებისგან დიდი სარგებლის მიმღები, ამ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში".

პრეზიდენტი ტექსტში იმეორებს: "რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება დაუყოვნებლივ" და ასევე წერს, რომ პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ინფორმაცია მიაწოდა: უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის; ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლეიენს; საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს; იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის; გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს; ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.

დონალდ ტრამპი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვატიკანი ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით.

"დაიწყოს პროცესი!" - ასე ასრულებს თავის პოსტს აშშ-ის პრეზიდენტი.~

ტრამპის მიერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შეფასებამდე, გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ვიდეოკომენტარი: „რუსეთი შესთავაზებს და მზად არის იმუშაოს უკრაინასთან მემორანდუმზე შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რიგი პოზიციების განსაზღვრით - ისეთებისა, როგორებიცაა მაგალითად, მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ა.შ., შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით“.

19 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე.

17 მაისს დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის განზრახვაზე, დაწერა ზუსტი დროც (19 მაისი, დილის 10:00 საათი ვაშინგოტნის დროით) და დაწერა საუბრის საგანი: „ამ სატელეფონო საუბრის თემები იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელსაც კვირაში საშუალოდ 5000 რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი ეწირება და ვაჭრობა“. იმავე პოსტში ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ 19 მაისის ორშაბათი „პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლის შეწყვეტა შედგება და ეს ძალიან ძალადობრივი ომი - ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“.

სრულად წაკითხვა