ტრამპი: ირანმა "ძალიან გააჭიანურა" შეთანხმების გაფორმება და ახლა "ფასს გადაიხდის"

4 days ago 9

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა "ძალიან გააჭიანურა" გარიგების გაფორმება შეერთებულ შტატებთან და ახლა ამისთვის "საფასურს გადაიხდის". ტრამპი ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელ Truth Social-ში, ერთ დღეში მას მერე, რაც აშშ-მა და ირანმა მორიგი ურთიერთდარტყმები განახორციელეს. მანამდე ირანის არმიამ ჰორმუზის სრუტის რაიონში ჩამოაგდო Apache-ის ტიპის ვერტმფრენი.

ტრამპი კიდევ ერთხელ წერს, რომ ირანის არმიას მიადგა სერიოზული ზიანი აშშ-ის თავდასხმებისას, თებერვლიდან-აპრილის პერიოდში და ამბობს, რომ ირანი "მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს".

Fox News-თან საუბარში ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ახლოსაა ირანზე დარტყმების განახლებასთან, კერძოდ ისეთ სამიზნეებზე, როგორებიცაა ელექტროსადგურები და ხიდები. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება აშშ-სთან მანიპულირებას ცდილობს, მოლაპარაკებების გაჭიანურებით.

აქამდე ტრამპი იმედს გამოთქვამდა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ახლო მომავალში იქნებოდა შესაძლებელი. სამშვიდობო მოლაპარაკება შუამავლების ჩართულობით მიმდინარეობს აპრილიდან, დროდადრო ვრცელდება ცნობები, რომ მხარეები შეთანხმებას მიუახლოვდნენ - თუმცა თეირანიდან მომავალი საჯარო განცხადებები აჩენს ვარაუდს, რომ ირანი კვლავაც უარყოფს აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას.

მანამდე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სამმართველომ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა 9-10 ივნისს "თავდაცვის მიზნით" ირანზე დარტყმები მიიტანეს, ჰორმუზის სრუტის თავზე AH-64 Apache-ის ტიპის ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხად.

ირანის არმია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებენ, რომ ამ იერიშზე პასუხად დარტყმები განახორციელეს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე და აშშ-ის მეხუთე ფლოტის რადიოსალოკაციო სისტემებზე ბაჰრეინში. ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული სააგენტო Fars-ი წერს, რომ დარტყმები განხორციელდა მათ შორის ამერიკის ბაზაზე ქუვეითში და F-35-ის ტიპის ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავების დისლოკაციის ადგილზე იორდანიაში. აშშ-ის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ირანის მიერ გაშვებული "თითქმის ყველა" რაკეტა და დრონი გადაიტაცეს და გაანადგურეს. იგი დასძენს, რომ არ ვრცელდება ცნობები ამერიკის პერსონალისთვის ან ობიექტებისთვის ზარალის მიყენების თაობაზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ს მოუწოდებს თავისი მეომრების გაყვანისკენ ჰორმუზის სრუტის მიმდებარე რაიონებიდან, რადგან ისინი "ექვემდებარებიან მუდმივ საფრთხეს თავიანთივე ადამიანური შეცდომების, უბედური შემთხვევების ან ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩენის შესაძლებლობის გამო".

ოფიციალურად არცერთ მხარეს არ გამოუცხადებია აპრილის დასაწყისში მიღწეული ზავის დასრულების შესახებ. აშშ-მა და ირანმა მას მერე რამდენჯერმე გაცვალეს შეზღუდული მასშტაბის დარტყმები, ახლახან ურთიერთიერიშები განახორციელეს ირანმა და ისრაელმაც.

სრულად წაკითხვა