აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი ზავზე შეთანხმდნენ.
„გილოცავთ ყველას! ისრაელი და ირანი მთლიანად დაეთანხმნენ სრულ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას (დაახლოებით 6 საათის შემდეგ ამ წუთიდან, როდესაც ისინი თავიანთ მიმდინარე, ბოლო ოპერაციებს დაასრულებენ) 12 საათით, რის შემდეგაც ომი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მისი სიტყვებით: „24 საათის შემდეგ მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას“.
„ეს ომი შეიძლებოდა წლობით გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი დაენგრია, მაგრამ ასე არ მოხდა და არასოდეს მოხდება. ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“ – წერს ტრამპი.
ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს ამაზე ჯერ კომენტარები არ გაუკეთებიათ.
განახლება 24 ივნისი, 12:30 სთ:
ტრამპის განცხადებიდან ცოტა ხანში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ირანს შორის. ირანის მხარემ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება – რაც მოსალოდნელი იყო კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზა „ალ უდეიდზე“ თავდასხმის შემდეგ, რითაც ირანის მთავრობამ „სახე შეინარჩუნა“ თავისი მოსახლეობის თვალში „გამანადგურებელი სამხედრო პასუხით“, მიუხედავად კატარის მთავრობის ინფორმაციისა, რომ სარაკეტო თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს და ბაზაზე არავინ დაშავებულა.
NBC News-ის ცნობით, რომელსაც ტელეკომპანია მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება ირანსა და ისრაელს შორის დღის წესრიგში დადგა, როდესაც თეთრმა სახლმა მიიღო სიგნალი ირანიდან, რომ აღარ უნდათ ომი, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს დაურეკა.
ტელეარხის ინფორმაციით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა: „აღარანაირი ომი, არანაირი სამხედრო მოქმედებები! ირანელები საკმაოდ დასუსტებულები არიან“.
პარალელურად ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სპეციალურმა წარგზავნილმა სტივ უიტკოფმა „პირდაპირ და ირიბად გააგებინეს ირანს, რომ აშშ-ს სურს ცეცხლის შეწყვეტა და ირანელები ამაზე უნდა დათანხმდნენ“.
თავად ტრამპის ცნობით კი, ირანიდან და ისრაელიდან მას თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ, რომ „მშვიდობისთვის მზად არიან“. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში „თრუს სოშიალში“ დაწერა.
ირანის ინფორმაციით, მათი სამხედრო ოპერაციები ტრამპის მერ მიცემული 6 საათის ბოლო წუთამდე მიმდინარეობდა და საბოლოოდ ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე შეწყდა (თბილისის დროით 04:30 სთ).
ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მტრის ყველა პროვოკაციაზე გამანადგურებელი პასუხი გასცეს“ და ხაზგასმულია „ხალხის უპრეცედენტო ერთიანობა“ 12-დღიანი ომის დროს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე, ღამით ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ირანელი ბირთვული ფიზიკოსი დაიღუპა, რაც ირანმაც დაადასტურა. სულ იერიშების დაწყებიდან მოკლულია, სულ ცოტა, 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერი და ექსპერტი, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე მუშაობდნენ.
ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, დილისკენ ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელისკენ ისევ გაუშვა რაკეტები და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში საჰაერო განგაში ამოქმედდა.
ისრაელის ცნობით, ქალაქ ბეერ-შევაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამხედროებს უბრძანა თეირანზე ახალი დარტყმების განხორციელება. „მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე უპასუხონ თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ძლიერი დარტყმებით“, – თქვა კაცმა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძლიერ რეაგირებას მოახდენდა ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.
ირანი, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, აგრეთვე, საფრანგეთის მთავრობა ირანს მოუწოდებენ, დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამაზე.
ამასთან, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ესლამიმ განაცხადა, რომ ირანი თავისი ბირთვული პროგრამის აღდგენას აპირებს და გეგმა ითვალისწინებს „წარმოებისა და მომსახურების პროცესში შეფერხებების თავიდან აცილებას“. ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ცოდნას, რომლის განადგურება შეუძლებელია.
ნანა ძნელაძე