სერხიო ბუსკეტსმა ფეხბურთთან დამშვიდობების თარიღი გაამჟღავნა

1 week ago 14

ინტერ მაიამის ესპანელი ვარსკვლავი, სერხიო ბუსკეტსი, საფეხბურთო კარიერას 2025 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დაასრულებს. ინფორმაციას გამოცემა ესპანური მედია ავრცელებს.

37 წლის ნახევარმცველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ოფიციალური განცხადება მხოლოდ მაშინ გაკეთდება, როცა MLS-ის მიმდინარე სეზონი დასრულდება. ტურნირი, რომელიც ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში სრულდება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორს წავა ინტერ მაიამი პლეი-ოფში.

ბუსკეტსის კარიერა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიაა. „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბთან ერთად 30-ზე მეტი ტიტული მოიგო, მათ შორის: 3 ჩემპიონთა ლიგა, 8 ლა ლიგის ტიტული, 7 ესპანეთის თასი.

გარდა ამისა, ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონი. მისი უნიკალური სტილი — პოზიციური ინტელექტი, ბურთის განაწილების სიზუსტე და თამაშის წაკითხვის ნიჭი — თანამედროვე ნახევარმცველების ეტალონად იქცა.

სავსებით რეალურია, რომ ბუსკეტსი კარიერის დასრულების შემდეგ ისევ ბარსელონაში დაბრუნდეს, თუმცა ამჯერად უკვე სხვა ამპლუაში. საუბარია საკლუბო სტრუქტურაში მენეჯერულ ან საკონსულტაციო როლზე, თუმცა კონკრეტული მიმართულება ჯერჯერობით უცნობია.

სრულად წაკითხვა